აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტზალის ნაკრების დაშლასა და სტუდენტთა ბრალდებებს გუნდის მწვრთნელი, ამირან კვერნაძე ეხმაურება.

კვერნაძე განმარტავს, რომ გუნდი საუნივერსიტეტოა, სადაც თაობათა ცვლა და ახალი სეზონის დაწყებამდე მოთამაშეთა გადარჩევა ჩვეული მოვლენაა.

“ვცდილობდი, შემერჩია შედარებით პროფესიონალი და კვალიფიციური სტუდენტები. ეს ბიჭები თავისებურნი და მოუსვენარნი იყვნენ, ფორმაში ვერ მოვიყვანე. მიყვარს ფეხბურთელი, რომელიც არის წესიერი და პატიოსანი. ჩემი პრიორიტეტი იყო ის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი სტუდენტებისათვის მომეყარა თავი. დავტოვე ის სტუდენტები, რომლებიც კარგად თამაშობდნენ. ეს საუნივერსიტეტო გუნდია, სადაც თაობათა ცვლა ხშირია. გადარჩევის შედეგად, მოხდა ისე, რომ ძმაკაცები დავაშორე ერთმანეთს, შესაბამისად, მათ განაწყენება ამ ფორმით გამოხატეს. მე მაქვს უფლება გუნდიდან გავუშვა სუსტი და მოვიყვანო ძლიერი. ძმაკაცებმა საკუთარი განაწყენება მთელ გუნდს გადაადეს და დანარჩენებმაც მას მიბაძეს,”-განაცხადა კვერნაძემ.

რაც შეეხება სტუდენტთა ბრალდებებს მოუწყობელი სავარჯიშო დარბაზისა და არასაკმარისი სპორტული ფორმების შესახებ, კვერნაძე განმარტავს, რომ მოთამაშეთა ხელშეწყობა უნივერსიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად ხდება. მისივე თქმით, სტუდენტებს ამ კუთხით საწუწუნო არაფერი აქვთ.

“უნივერსიტეტის მდგომარეობასაც ვუყურებ, ჩახედული ვარ ამ საკითხში. სასწავლებელს რა საშუალებაც აქვს, იმის მიხედვით გვიწყობს ხელს. გარდა ამისა, კვირაში ვარჯიში სამჯერ გვქონდა, მე კი გუნდს  5-6-ჯერ ვავარჯიშებდი. საჭიროების დროს საკუთარი მანქანითაც დამყავდა,”-განმარტა კვერნაძემ.

2017 წელს საუნივერსიტეტო ნაკრების ძველი შემადგენლობა დაიშალა. მოთამაშეთა ნაწილი მიზეზად მწვრთნელის არაპროფესიონალიზმსა და ადმინისტრაციის უყურადღებობას ასახელებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *