აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თანამედროვე ონლაინ მედია ეკოსისტემაზე, ყალბი ახალი ამბებისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.

საჯარო ლექცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მხარდაჭერით მოეწყო, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში წარადგინეს.

როგორც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, ბექა ბაჯელიძე განმარტავს, კონკურსში მონაწილეობა პროფესიონალ ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და ბლოგერებს შეუძლიათ.

“მიმდინარეობს შეხვედრები სტუდენტებთან, რათა მათ მოვუწოდოთ მიიღონ მონაწილეობა 2018 წლის პროექტში. ჟურნალისტებს შეუძლიათ, თავიანთი ნამუშევრები 2017 წლის ორი ნოემბრიდან 2018 წლის პირველ ნოემბრამდე წარმოადგინონ. მათ შეუძლიათ გამოგზავნონ ბლოგი, საგაზეთო სტატია, სატელევიზიო რეპორტაჟი. გამარჯვებულისათვის დაწესებულია პრიზი-ვიზიტი ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში,-განაცხადა ბაჯელიძემ.

დეზინფორმაციის წყაროებზე ონლაინ მედიაში და მისგან მომავალ საფრთხეებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნათია კუპრაშვილმა ისაუბრა.

“განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ცრუ ინფორმაცია და ვებრძოლოთ მას. მსგავსი ტიპის ინფორმაციები საზოგადოების ჯგუფებად დაყოფას უწყობს ხელს, რაც კონფლიქტების ინსპირატორია. სწორედ ამიტომ, ვსაუბროთ მშვიდობის ჟურნალისტიკაზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა სიმართლის ძიება და მისი ტყუილთან დაპირისპირება,- განაცხადა კუპრაშვილმა.

საჯარო ლექციაზე ონლაინ იდენტობასა და ციფრული უსაფრთხოების შესახებაც იმსჯელეს.

“ბევრი რამ გავიგეთ. დიალოგის რეჟიმიც გვქონდა. ჩვენთვის, როგორც მომავალი ჟურნალისტებისათვის, აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ რა და როგორ მივაწოდოთ მკითხველს,”-განაცხადა სტუდენტმა იზაბელ მოდებაძემ.

კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტი ერთი თვით ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში გაემგზავრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *