ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ქუთაისის ქალთა კლუბი შეუერთდა.

ქალთა კლუბის წევრებისათვის დოკუმენტური ფილმის-“ხმა ამოიღეთ” ჩვენება და დისკუსია გაიმართა.

ქალთა კლუბის თავმჯდომარის, ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოება არ ცდილობს სტერეოტიპების დამსხვრევას. მისივე განმარტებით, ფილმის ჩვენება და განხილვა პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო გზების ძიებას ისახავს მიზნად.

“სამწუხაროდ, ბევრი ქალბატონი საკუთარი მძიმე ისტორიების შესახებ არ საუბრობს. საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი კაცებად და ქალებად, ისინი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად უნდა აღიქმებოდნენ,”-განაცხადა ბერძენიშვილმა.

ქუთაისის ქალთა კლუბის პრეზიდენტის, მაკა ხეცურიანის თქმით, დოკუმენტური ფილმი გაეროს დაფინანსებითა და ქართული კინემატოგრაფიის ცენტრთან თანამშრომლობითაა გადაღებული.

“მნიშვნელოვანია, რომ ფილმი რეალურ ფაქტებს ასახავს. რაც უფრო მეტად ამაღლდება ხმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, უფრო ნაკლები იქნება მძიმე შედეგები,”-განაცხადა ხეცურიანმა.

არასმავრობო ორგანიზაცია რეგიონლური ინიციატივების ცენტრის წარმომადგენლის, მარიკა ვაჭარაძის აზრით, ქვეყანაში ოჯახური ძალადობის შემთხვევები უფრო ხშირია.

“ფილმში საზოგადოების აზროვნება კარგად ჩანს. მამაკაცი გამართლებულად მიიჩნევს მეუღლეზე ძალადობას. ვცდილობთ, საზოგადოებას ჩამოვუყალიბოთ აზრი, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორია,”-განაცხადა ვაჭარაძემ.

კლუბი ქალთა თემატიკაზე შეხვედრებს ყოველთვიურად ატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *