შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს,

 

სადაც საუბარია შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრა
ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გაიმართა.

“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე, მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.

ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი, ასევე, იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე, ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *