მას შემდეგ რაც ქუთაისის ახალი მერი გიორგი ჭიღვარია

მუშაობას შეუდგა, მერიის სამსახურის უფროსებმა გათავისულების შესახებ განცხადებები დაწერეს. სხვა სამსახურის უფროსებთან ერთად თანამდებობას ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილიც დაემშვიდობა. 

სხვა სამსახურის უფროსებისგან განსხვავებით, პაატა კლდიაშვილმა მერიაში საკუთარი მუშაობის პერიოდი შეაფასა. 1000 დღის შემდეგ – ასე დაარქვა ამ შეფასებას, რომელშიც სამსახურის მიღწევები 30 პუქტად ჩაატია. 

ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: 

1. სამსახურში შემოსული და დამუშავებული იქნა 10 000-ზე მეტი კორესპონდენცია (2013-2014 წ.წ. – 3500);

2. სამსახურს დაემატა ტრანსპორტის განყოფლება, დაემატა საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ფუნქცია და საკოორდინაციოდ დაემატა საკუთრების უფლების აღიარების კომისია. ამასთან, მოაკლდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი (გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურისა);

3. დაინერგა თანამშრომელთა ყოველკვირეული ანგარიშგების ელექტრონული სისტემა. სამსახურის ნებისმიერ თანამშრომელს, კურატორ მერის მოადგილეს და მერს დღესაც შეუძლია Google Drive-ზე საათების მიხედვით ნახოს თუ რას საქმიანობდა სამსახურის ესა თუ ის თანამშრომელი, მ.შ. სამსახურის უფროსი ნებისმიერ სამუშაო დღეს;

4. თვითმმართველობის საკუთრებაში რეგისტრირებული იქნა 1 000 000 მ2-ზე მეტი მიწა (2013-2014 წ.წ. – 420 000 მ2);

5. ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში მობილიზებული იქნა 11 მილიონ ლარზე მეტი, მ.შ. 2017 წელს 1 დეკემბრის მდგომარეობით თითქმის 5,6 მილიონი ლარი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი ქუთაისისთვის 

6. საკუთრების აღიარების კომისიამ 2016 წლის 1 აგვისტოდან (როცა კომისია კანონის შესაბამისად საკრებულოდან მერიაში გადმოვიდა) დღემდე ჩაატარა 31 სხდომა, თითოეულზე საშუალოდ 35 საკითხი, საერთო ჯამში კი, ოქმების შესაბამისად 1074 საკითხი (ყველა ოქმის საკითხების ჯამი) აქვს განხილული;

7. შეიქმნა მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონული პროგრამა, გაკეთდა შესაბამისი ბაზები და მიმდინარეობს მისი ინტეგრირება ბანკებთან და სწრაფი გადახდის საშუალებებთან. პროგრამა უზრუნველყოფს:
• მუნიციპალური ქონების სრულ ელექტრონულ ბაზას;
• მუნიციპალიტეტის მიმართ ვალდებულებების სრულ კონტროლს;
• მრავალფეროვან ანგარიშგებებს;
• ონლაინ კავშირს ბანკებთან და სწრაფი გადახდის აპარატებთან;
• ავტომატური სმს შეტყობინებების გაგზავნას;

8. ქალაქში მსხვილი სასტუმროების აშენების მიზნით, ინვესტორთათვის შეთავაზებული იქნა მუნიციპალური ქონების შეძენისას 2 წლიანი უპროცენტო განვადება, რითაც უკვე ისარგებლა რამდენიმე ინვესტორმა;

9. განხორციელდა მუნიციპალურ საწარმოთა მართვის გაუმჯობესების სპეციალური პროექტი (ფინანსური მხარდამჭერი USAID/GGI). პროგრამის ამოცანები იყო:
• სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მოწესრიგება;
• ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის სისტემის მოწესრიგება;
• დამფუძნებლის მიმართ ანგარიშგების ეფექტური სისტემის დანერგვა.

10. ჩატარდა მოქმედი ბიზნესების მასშტაბული კვლევა და შეიქმნა მათი ერთიანი ბაზა, რომელშიც გაერთიანებულია 3500-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი ქალაქის მასშტაბით. კვლევის საფუძველზე დადგინდა/გამოვლინდა:
• საწარმოთა დარგობრივი სტრუქტურა;
• დასაქმებულთა სტრუქტურა;
• ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები;
• ძირითადი საექსპორტო პროდუქტები.

11. მუდმივად ტარდებოდა ადგილობრივი ბიზნესის პოპულარიზაციის ღონისძიებები: “2 მაისობა”, “დამოუკიდებლობის დღე”, “ქართული ღვინის დღე” და ა.შ.

12. ტრადიციად ჩამოყალიბდა კონკურსის “წლის ბიზნესი” ჩატარება, რომელშიც ყოველწლიურად 15-მდე ნომინაციაში ხდება ქალაქის საუკეთესო მეწარმეთა გამოვლენა-დაჯილდოვება მათი წახალისების მიზნით;

13. შეიქმნა ქალაქის მერთან არსებული ბიზნეს საბჭო, რომელიც მოწოდებულია განიხილოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების აქტუალური საკითხები;

14. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი USAIDის პროექტთან – “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში” (GGI), რომელიც ითვალისწინებს:
• ურბანული განვითარების გეგმის მომზადებისას ტექნიკური კონსულტაციების და ფინანსური დახმარების გაწევას (მიმდინარეობს სამუშაოები);
• ქალაქის განვითარების სტრატეგიის მომზადებისას ტექნიკური კონსულტაციების და ფინანსური დახმარების გაწევას (დასრულდა);
• მერიის საქმიანობის შიდა და გარე შეფასების სისტემის დანერგვას (მიმდინარეობს შესრულება);
• და ა.შ.

15. შემუშავდა და ხორციელდება ქალაქ ქუთაისის განვითარების სტრატეგია “ქუთაისი 2021”. მასში განსაზღვრულია ქალაქის მისია, განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და პროგრამები, ასევე მისაღწევი შედეგები (https://matsne.gov.ge/ka/document/view/3384714)

16. პოლონეთის ქალაქ პოზნანის მერიასთან ერთად განხორციელდა საერთაშორისო პროექტი “ხარისხი ტურიზმში. გამოცდილების გაზიარება პოზნანსა და ქუთაისს შორის”;

17. ქალაქში დამონტაჟდა ტურისტული ობიექტების მიმანიშნებლები Qღ კოდებით და დიდი ზომის განათებითი რუკები, სასარგებლო ინფორმაციებით სამ ენაზე (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით);

18. შემუშავებული იქნა ქალაქის ტურისტული ლოგო და სლოგანი;

19. შეიქმნა ქალაქის სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) ტურისტული ვებ-გვერდი: www.kutaisi.travel

20. შეიქმნა ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც არის საქართველოში ყველაზე დიდი და გათვალისწინებულია, რომ იყოს ყველაზე მრავალფუქციური;

21. განათდა “თეთრი ხიდი”, “რუსთაველის ხიდი” და “წითელი ხიდი” (კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მხარდაჭერით);

22. ჩატარდა დარგობრივი კვლევები:
• სამედიცინო სფერო,
• განათლების სფერო,
• სასტუმრო ბიზნესი.

23. განხორციელდა საპილოტე ენერგოეფექტური პროექტები:
• მზის ელემენტების მონტაჟი ს/კ “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე;
• “მზის გვირილა”.

24. ჩატარდა საერთაშორისო და ადგილობრივი ფორუმები და კონფერენციები ქალაქის და მისი პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, კერძოდ:
• საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი;
• თვითმმართველობათა პირველი ეროვნული ფორუმი “საქართველოს ქალაქები – ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები”;
• აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივ ანტიკორუფციულ ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენცია;
• თვითმმართველობათა მეორე ეროვნული ფორუმი “საქართველოს ქალაქები – ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები”

25. ქუთაისი გახდა აბრეშუმის გზის სარტყელის ქალაქების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა);

26. ქუთაისი არის პირველი ქართული ქალაქი, რომელიც გახდა ევროკავშირის ახალი ინიციატივის “მერები ეკონომიკური ზრდისათვის” კლუბის წევრი;

27. ქუთაისი არის პირველი ქალაქი საქართველოში, რომელმაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოამზადა თვითმმართველობის ანტიკორუფციული სტრატეგია;

28. ქალაქში დამონტაჟდა “ელექტრონული ბიბლიოთეკები” (ელექტრონული წიგნების სახლ “საბა”-სთან თანამშრომლობით);

29. გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (Global Environment Facility) მიერ დამტკიცებული იქნა 2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საგრანტო პროექტი, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება და ითვალისწინებს:
• ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის მომზადებას (450 ათასი აშშ დოლარი);
• ქალაქისათვის ახალი,თანამედროვე სატრანსპორტო მოდელის და სატრანსპორტო ნაკადების მართვის სისტემის შექმნას (50 ათასი აშშ დოლარი);
• ახალი სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსების) შეძენას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლების მიზნით (700 ათასი აშშ დოლარი);
• და ა.შ.

30. UშAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში” (GGI) ფინანსური მხარდაჭერით და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის ინსტიტუტის მონაწილეობით მზადდება ქუთაისის მერიის ახალი, თანამედროვე ინტერაქტიული ვებ-გვერდი და მიმდინარეობს თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ელექტრონული სისტემა VOLIS-ის დანერგვა.

“არავინ იფიქროს, რომ ეს ერთმა ადამიანმა გააკეთა, მასში მთელმა გუნდმა შეიტანა თავისი წვლილი და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, დიდი მადლობა თითოეულ ჩემს კოლეგა სამსახურს მუდმივად მხარში დგომისათვის, დიდი მადლობა ქალაქის ხელმძღვანელობას აქტიური მხარდაჭერისათვის, დიდი მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს ქუთაისის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, დიდი მადლობა არასამთავრობო სექტორს – ჩემს ძველ მეგობრებს, და განსაკუთრებული მადლობა მედია საშუალებებს ჩვენი საქმიანობის საზოგადოებამდე მიტანისა და სამართლიანი კრიტიკისათვის.
მე კვლავაც ამ ქალაქს ვემსახურები, თუმცა უკვე სხვა სექტორიდან!”- წერს პაატა კლდიაშვილი  facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *