“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” იმერეთის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტის პრეზენტაცია ჩაატარა.

პროექტის სახელწოდებაა “იმერეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა”. პროგრამის მიზანია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის შესახებ.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა საჭირო და საინტერესოა. მისივე თქმით, შეხვედრებზე საკითხთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განიხილება.

“შეხვედრის მთავარი თემა და საკითხები იქნება ასოცირების შეთანხმების, კერძოდ 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და საჭირო ინიციატივაა,”-განაცხადა ხუხუამ.

ნინო ხუხუას განმარტებით, მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს აქვს.

“თუ მოვიშველიებთ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რამდენად ინფორმირებულია საზოგადოების ნაწილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში, სამწუხაროდ, მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს აქვს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. თავად სამოქალაქო საზოგადოებიდან ინტერესი მაღალია, რაც მსგავსი პროექტების განხორციელების საჭიროებაში გვარწმუნებს,”-განაცხადა ხუხუამ.

პროექტი იმერეთის გუბერნიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ” ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო” თვითმმართველობებს მუშაობის გაუმჯობესებაში ეხმარება. მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მრავალფეროვანია, ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს დაკისრებული ვალდებულებების შესახებ.

ორგანიზაცია პროექტის განხორციელებას 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყებს. პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *