ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბის

მერაბ კვირიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა 19 მარტისათვის გადაიდო.

საქმის არსებით განხილვაზე, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ ერთი და იგივე შუამდგომლობა დააყენეს და სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტების დაკითხვა მოითხოვეს.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“ბრალდების მხარე არ ეთანხმება დასკვნაში არსებულ გარემოებებს, ამიტომ მოვითხოვეთ, სრულყოფილად იყოს გამოკვლეული აღნიშნული დასკვნა. არ ვეთანხმებით იმ ნაწილს, სადაც ექსპერტები მიუთითებენ, რომ საგზაო მოძრაობის წესები დარღვეული არ ყოფილა. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და დამნაშავედ ცნობს მერაბ კვირიკაშვილს,”-განაცხადა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსმა გივი შენგელიამ.

დაცვის მხარის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა გამართლდეს.

“საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ დაინიშნა სასამართლო ექსპერტიზა. ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის აცილება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოძრაობდა 90-100კმ/სთ სიჩქარით. საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მერაბ კვირიკაშვილს მოძრაობაში საფრთხე შეუქმნა. საქმეზე უნდა დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი,”-განაცხადა კვინიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე უკავშირდება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *