ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების

გამოყვანის დღე აღნიშნეს. ქუთაისის ვიცე მერმა გიორგი იობაშვილმა, მხარის ვიცე-გუბერნტორმა გრიგოლ დალაქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ავღანეთში მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დღესვე, ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დასრულდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ქუთაისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

მოლაპარაკებები ავღანეთის საკითხის გარშემო მხოლოდ 1982წ. დაიწყო ჟენევაში, მაგრამ ის მალე შეწყდა. სსრკ-ს ხელმძღვანელობაში მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ საბჭოთა პოლიტიკამ ავღანეთის მიმართ ცვლილება განიცადა. 1986წ. ნოემბერში გადაყენებულ იქნა ბაბრაქ ქარმალი, რომელმაც აშკარად ვერ გაამართლა თავისი პროტექტორების იმედები. მისი ადგილი დაიკავა მოჰამედ ნაჯიბულამ, რომელმაც ახალი კონსტიტუცია შემოიღო 1987წ. და გამოაცხადა “ეროვნული შერიგების” პოლიტიკა (რეალური შედეგი ამ “პოლიტიკას” არ მოჰყოლია). მხოლოდ 1988წ., როდესაც საბჭოთა მხარე საბოლოოდ დარწმუნდა თავისი ავღანური პოლიტიკის სრულ კრახში, მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ავღანეთის გარშემო. 1988წ. 14 აპრილს ჟენევაში ხელი მოეწერა შეთანხმებების პაკეტს (ე.წ. “ჟენევის შეთანხმებები”), რომლის თანახმადაც საბჭოთა კავშირს უნდა დაეწყო ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან 1988წ. 15 მაისიდან და დაესრულებინა ეს პროცესი 1989წ. 15 თებერვლამდე; სსრკ-ს, აშშ-სა და პაკისტანს უნდა შეეწყვიტათ თავიანთი პროტეჟეების დახმარება; უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება ოპოზიციასა და მთავრობას შორის და შექმნილიყო ეროვნული ხსნის მთავრობა. შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებული იქნა: 1989წ. 15 თებერვალს ავღანეთი დატოვა უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა. ბოლო, ვინც გამოვიდა ავღანეთიდან იყო გენერალი ბორის გრომოვი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *