გენდერული კვოტირების შესახებ იმსჯელეს ქუთაისში, დემოკრატიის სკოლაში.

საერთაშორისო გამოცდილება და გენდერული კვოტირების სურათი საქართველოში, კვოტირება-როგორც დროებითი ინსტრუმენტი- საჯარო ლექცია “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” იმერეთის კოორდინატორმა და ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთევან ბერძენიშვილმა წაიკითხა.

როგორც ბერძენიშვილი განმარტავს, კვოტირება, როგორც დროებითი ზომა მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ გამოიყენა. მისივე თქმით, აღნიშნული სახელმწიფოების დემოკრატიის ხარისხი უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნების, რომლებშიც მსგავსი ფორმა არ არსებობს.

“კვოტირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია ქართული პოლიტიკური სივრცისთვის იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ქალები პოლიტიკაში, რომლებიც გავლენას მოახდენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ვიხილეთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც ძალიან მცირედით გაიზარდა ქალ დეპუტატთა რაოდენობა. არც 2017 წლის არჩევნებზე გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომლითაც თავის მოწონებას შევძლებთ. კვოტირება ზოგს ქალების მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიაჩნია. ფიქრობენ, რომ მათ ვიღაც უფრო კარგის ადგილი დაიკავეს ან ეს ქალები არ იქნებიან ღირსები, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ეს ასე არ არის, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ გამოიყენა,”-განაცხადა ბერძენიშვილმა.

“ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” იმერეთის კოორდინატორმა და ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა აუდიტორიას 2017 წლის არჩევნების შედეგად გენდერული გადანაწილებით მიღებული სურათიც გააცნო.

შეგახსენებთ, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, 2017 წლის 12 ივნისს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა პარლამენტში, რომელიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას უნდა მოემსახუროს. ცვლილებების მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *