ევროპის დღეების ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდული

ცენტრის მედია სკოლაში, საინფორმაციო კამპანია “ძალა ევროპაშია” გაიმართა. მედია სკოლის სტუდენტებს  ოთხი მომხსენებელი ევროპის უპირატესობებზე ესაუბრა.
საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები ახალგაზრდებს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ლექტორმა ეკა ფხაკაძემ, ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ, ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ, “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ და გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთევან ბერძენიშვილმა გაუზიარეს.

“ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქუთაისის მედია სკოლაში. ამ დღეების აღნიშვნას მედია სკოლა შეუერთდა. მიხარია, რომ საინფორმაციო კამპანიის “ძალა ერთობაშია” ორგანიზატორებმა სწორედ ჩვენ გამოგვიცხადეს ნდობა და ქუთაისიდან, სწორედ მედია სკოლიდან აღინიშნება ეს დღე”,- განაცხადა დავით ლიკლიკაძემ.

რას გვაძლევს ევროპა და ნატო და რას გვართმევს რუსეთი – ეს მომხსენებლების საუბრის ძირითადი თემა იყო.

“ევროპა გაძლევს იმ ღირებულებებს, იმ ძალას, რომ გაიხედო მომავალში. ეცადო შენი ქვეყნის განვითარებას. იცოდე, რომ მოხუცსაც აქვს სიცოცხლის უფლება, სალსას ცეკვისა და ფერადი ტანსაცმლის უფლება. ევროპა ესაა ხარისხიანი პროდუქტი, სუფთა გზები, გამწვანებული ქუჩები. არის მართლაც ძალა ერთობაში. ნებისმიერ ადგილზე იგრძნობა ტოლერანტობა. ყველა ევროპელი ერთად ამაყობს გამოხატვის თავისუფლებაზე, სიცოცხლის უფლებაზე, რომელიც ჩვენთან, სამწუხაროდ, სხვადასხვა უმცირესობების გამო შეზღუდულია.”- აღნიშნა შეხვედრაზე საუბრისას ნატალი პატარიძემ.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე დაესწრო და კამპანიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

“ეს ღონისძიება ევროპასთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ევროპის დღეები არ მოიცავს მხოლოდ საინფორმაციო კამპანიას. აქაა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონიძიებები.”- განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ.

ევროპის დღეების ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეექვსედ იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *