ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში

ოპერირება “ვიზეარის” მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო.

ბაზირებული ხომალდი რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.

“კომპანიას 70 პირდაპირი და 250 არაპირდაპირი სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი. ახალი საჰაერო ხომალდის შემოყვანით კიდევ 37 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საქართველოში თვითმფრინავების ბაზირება გვიხარია იმიტომ, რომ ბორტებზე ქართული მინერალური წყალი, ღვინო და პროდუქტი ადის, ხოლო ბორტგამცილებლები და ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული,”-განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთვაძის განმარტებით, სიახლე ქუთაისის ტურისტული პოტენციალის ზრდას ხელს შეუწყობს.

“სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ქუთაისის აეროპორტში შემოსვლა დიდი სიკეთე იყო ჩვენი ქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი უფრო მასშტაბური ხდება და დღეს კიდევ ახალი რეისები ემატება, რაც პირდაპირ ზრდის ქუთაისის ტურისტული პოტენციალის მიმზიდველობას”- აღნიშნა ნინო თვალთვაძემ.

კომპანიამ 17 მაისიდან ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაამატა: პარიზი, რომი, პრაღა, ბარსელონა და ათენი. ასევე, “ვიზეარი” ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით ავიარეისების სიხშირეებს ზრდის.

ქუთაისის აეროპორტიდან 14 ქვეყანაში 20 მიმართულებითაა ფრენები შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *