“სამართლიანი არჩევნების”, “დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა”

და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა ქუთაისში საკანონმდებლო რეკომენდაციების პაკეტი წარადგინეს. რეგულაციების პაკეტი საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებს ეხება.

“ცვლილებების მიზანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრაა. მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს წარედგინა, რომელიც გვინდა მომავალ არჩევნებამდე გატარდეს,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” რეგიონალურმა კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.

შემუშავებული რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებს ეხება.

“ცვლილებების განხორციელება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვერ მივიღებთ სრულყოფილ, თუმცა მივიღებთ უკეთეს საარჩევნო კოდექსს,”-განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე ზაალ გორგიძემ და აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო 10-15 წლის წინანდელ გარემოსთან შედარებით გაუმჯობესებულია.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება

რეკომენდაციების მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს. ასევე, საარჩევნო კომისიაში წევრის ასარჩევად დამატებითი კრიტერიუმები უნდა დადგინდეს.

აგიტაცია

ახალი რეგულაციების პაკეტის მიხედვით, საარჩევნო კოდექსით აგიტაციის ცნება უნდა დაკონკრეტდეს. ცნება სოციალური ქსელის პირადი გვერდის საშუალებით პოლიტიკური მოწოდებების გავრცელებას, წინასაარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებას  და სხვა საკითხებს უნდა მოიცავდეს.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა მონაწილეობა აგიტაციაში სამუშაო საათების განმავლობაში. მინისტრის მოადგილეებსა და გუბერნატორებს არ უნდა ჰქონდეთ კამპანიაში შეუზღუდავად მონაწილეობის უფლება.

შემუშავებული პაკეტი ვრცელ რეკომენდაციებს საარჩევნო დავებისა და პარტიების დაფინანსების კუთხითაც მოიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *