ქუთაისში მოხალისეობრივი ფორუმი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს.

ფორუმმა იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის 40-მდე წარმომადგენელი გააერთიანა.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას თქმით, საქართველოში მოხალისეობის კულტურა ნელ-ნელა ვითარდება. მისივე განმარტებით, მოხალისეობრივ საქმიანობაში ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჩართვაა შესაძლებელი.

“შეხვედრის მიზანი მოხალისეობის კულტურის განვითარებაა. გვინდა, მოხალისეობის მსურველი ადამიანები მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებთან დავაკავშიროთ,”-განაცხადა ხუხუამ.


გამოფენაზე ბაღდათის ინოვაციების ცენტრმაც მიიღო მონაწილეობა. ცენტრი ახალგაზრდებს ლეგო რობოტების აწყობასა და დაპროგრამებას ასწავლის.

როგორც ინოვაციების ცენტრის მენეჯერი მანანა კაპეტივაძე განმარტავს, ცენტრი ონლაინ მედია პროექტ “ახალ თაობაზეც” მუშაობს, სადაც მოსწავლეები ბაღდათის მასშტაბით ახალგაზრდულ თემატიკაზე ფილმებს იღებენ.


10 წლის საბა ფულარიანი ბაღდათის ინოვაციების ცენტრის პროექტში აქტიურადაა ჩართული.

“მოტანილი გვაქვს ტანკი, რომელსაც კუბიკი მოაქვს. ყველაფერი ჩემს კლასელებთან ერთად ავაწყვე. მუშაობა ძალიან საინტერესოა. მომავალში სხვა რობოტების აწყობას ვაპირებ,”-ამბობს საბა.

ზესტაფონის დღის ცენტრმა “ორიონმა” გამოფენაზე შშმ ბავშვთა ნამუშევრები წარმოადგინა.

“ჩვენს ცენტრში 6-დან 18 წლამდე ბავშვები მუშაობენ ბისერებზე, არიან მოყვარული ფოტოგრაფებიც. გამოფენები მნიშვნელოვანია მათი წახალისებისათვის,”-განაცხადა დღის ცენტრის წარმომადგენელმა ინგა ქათამაძემ.

მოხალისეობის ფორუმი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა და განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით მოეწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *