ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქუთაისელი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს. მსჯავრდებულმა კი საბოლოო სიტყვა თქვა.

ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ზაზა ხაჟალიას თქმით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ციცინო მოსიძის მიერ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია და მხოლოდ მსჯელობის სახითაა წარმოდგენილი. მისივე განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ირაკლი მერკვილაძის პაციენტისადმი უყურადღებობა და მისი ბრალეულობა იკვეთება. ადვოკატის მტკიცებით, პაციენტმა საავადმყოფო თვითნებურად დატოვა. ხაჟალიას თქმით, საქმეში ბრალი ოჯახის წევრებსაც მიუძღვით, რომლებმაც გარდაცვლილი მატინოვას ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი უყურადღებობა გამოიჩინეს.

“საქმეში დაზარალების ნათესავების მხრიდან დაუდევრობა იკვეთება. რაც ირაკლი მერკვილაძის პატიმრობით არის გამოწვეული, ჩვენი ქვეყნის უბედურებაა. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს მისი საქმე სრულყოფილებამდე მიიყვანოს. ბევრს გონია, ირაკლი მერკვილაძე პაციენტებს დაკარგავს, თუმცა ის რეპუტაციას მალევე აღიდგენს. ეს ნიჭი და უნარი ხალხის სამსახურში უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,”-განაცხადა ზაზა ხაჟალიამ.

ბრალდების მხარის განცხადებით, ირაკლი მერკვილაძემ გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ ვერ შეაფასა. როგორც ბრალდების მხარე განმარტავს, პაციენტს საავადმყოფო თვითნებურად არ დაუტოვებია.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაცვის მხარის პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა. ამბობდნენ, რომ მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა დაკითხული ექსპერტების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო. იყო თუ არა ექიმის მიერ ჩატარებული მანიპულაციები არ ჩანს. დაცვის მხარე ცდილობს, გარემოებები მისთვის ხელსაყრელად წარმოაჩინოს,”-განაცხადა პროკურორმა.

პროცესზე ირაკლი მერკვილაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის პოზიცია სუსტია და საქმე მის წინააღმდეგაა შეკერილი. მისივე თქმით, ექსპერტიზამ პაციენტის სიკვდილის მიზეზი ვერ დაადგინა.

“ეს არის ყოფილი პროკურორის მიერ შეკვეთილი საქმე. ბრალდების მხარეს ტრაგედიის გამოყენება უნდა. პირობას ვდებ, რომ შეწყალებას არ მოვითხოვ. ეს საქმე ჩემი გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. პირველი ინსტანციის სასამართლო დაავადებულია, გავიგებთ მეორე ინსტანციის სასამართლოსაც აქვს თუ არა დაავადება. პაციენტის გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის. თურმე, სიკვდილის 3 მიზეზი ყოფილა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალების 3 მიზეზი არსებობდეს?,”- განაცხადა საბოლოო სიტყვაში ირაკლი მერკვილაძემ და აღნიშნა, რომ ექსპერტებმა გარდაცვლილის ორგანოები სათანადოდ არ გამოიკვლიეს და მათ ეროვნული პროტოკოლები არ დაიცვეს.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე განაჩენს 2 ივლისს, ორშაბათს  გამოაცხადებს.

ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა ირაკლი მერკვილაძემ 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუტარა. პაციენტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *