თეთრ ხიდზე მიმდინარე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ განიხილა.

საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, რატომ გადააცილა შემსრულებელმა კომპანიამ გაწერილ ვადებს და რატომ არ მოხერხდა “ალმა რუს- საქართველოსთან” ხელშეკრულების გაწყვეტა.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის, მირზა ხიდაშელის განმარტებით, სამუშაოების გაჭიანურება ჩაშლილმა ტენდერმა გამოიწვია. მისივე თქმით, თუ მერია “ალმა რუს საქართველოს” ხელშეკრულებას გააუქმებს, ხიდის რეაბილიტაცია დაუსრულებელი დარჩება.

“ძნელად მოიპოვება ქვეყანაში კომპანია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაციის გამოცდილება აქვს. ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, ვერ მოგატყუებთ. კომპანიამ ტენდერი კანონის დაცვით მოიგო. ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს გვქონდა ალტერნატივა და არ გამოვიყენეთ. არ გვქონდა კომპანიის შერჩევის ფუფუნება, ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ბაზარი ამ კუთხით არის ძალიან პატარა. არსებობს კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხიდი დაუმთავრებელი დარჩება, უკეთეს ვარიანტს ვერ ვხედავთ. სამუშაოების გაჭიანურება პირველი ტენდერის ჩავარდნამ განაპირობა,”-განაცხადა მირზა ხიდაშელმა საბჭოს სხდომაზე.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 22 აგვისტომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. შემსრულებელი კომპანია ვადაგადაცილების გამო ყოველდღიურად ჯარიმდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *