საზოგადოება
მერიას საფიჩხიაზე ქვის საათის დამონტაჟებას თხოვენ
ქუთაისის მერიას საფიჩხიაზე, ცენტრალურ მოედანზე ქვის საათის დამონტაჟებას თხოვენ. იდეა მოქალაქეებისათვის შექმნილ თავისუფალი ინიციატივების ვებ-გვერდზე თეკლა ბაჯაძემ დაარეგისტრირა.

"საფიჩხიის ცენტრალური მოედანი არის თვალსაჩინო ადგილი, საათის დამონტაჟება ქალაქის ამ ძველი უბნის რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებ., ვფიქრობ, კარგი იქნება თუ საფიჩხიის ცენტრში მდებარე კუნძულზე დამონტაჟდება დაახლოებით 3 მეტრი სიგრძის ქვის საათი ელექტროტაბლოთი ოთხივე მხრივ. ეს ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება,"-ნათქვამია ინიციატივაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების მიღება დაასრულა. ამ ეტაპზე საკუთარი იდეა 28 მოქალაქემ წარადგინა.

საუკეთესო 3 იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. შერჩეული 3 პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით. გამარჯვებული ინიციატივის განსახორციელებლად ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

| Print |