ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მათ 30 წლის წინ, ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

“ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს ახლობლები დაკარგეს. 21 სიცოცხლე შეიწირა 89 წლის 9 აპრილმა. ამავდროულად, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე. ჩვენი იდენტობისა და თავისუფლებისაკენ გადადგმული ნაბიჯის აღმნიშვნელი თარიღი. ეს დღე გვახსენებს იმას, რომ ერთად ყოფნამ საბჭოთა იმპერიის ბოროტების დამარცხებაც კი შესძლო,”-განაცხადა გია თევდორაძემ.

“9 აპრილი არის გმირების დღე. ეს არის დღე, როდესაც საქართველომ გამოაცხადა, რომ ის თავისუფლებისათვის ყველაფერს გააკეთებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის წლები და ბრძოლა, რაც თავისუფლებისათვის გამოიარა საქართველომ, არ დარჩეს ამაო. არ დავუშვებთ, რომ ზოგიერთმა ძალებმა თავს მოგვახვიონ ოკუპანტი,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა დავით გოგისვანიძემ.

“ეს არის ერთდროულად დიდი ტკივილისა და დიდი სიხარულის დღე. უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა, მათ საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი. ამ დღეს საქართველო დამოუკიდებელ სუბიექტად ოფიციალურად გაფორმდა. ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ დღეს,”-განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ ბრეგაძემ.

დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტებმა და მოქალაქეებმა.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *