კაფე “სავანეს” მეპატრონეებმა “ბამბუკების აქცია” გამართეს.

ობიექტის მფლობელებმა კაფეს წინ ბამბუკის კონა და ობიექტისთვის გამოყოფილი ნომერი მიიტანეს, რომელიც შენობაზე დემონსტრაციულად გააკრეს. მათი განცხადებით, მერიის მტკიცება, თითქოს ობიექტს დამოუკიდებელი მისამართი არ აქვს და ის რუსთაველის ქუჩის შემადგენლობაში შედის, არასწორია.

“არ შევწყვეტთ აქციებს. ვიბრძოლებთ ბოლომდე. მივმართეთ პროკურატურას და იმედი გვაქვს, დამნაშავეები დაისჯებიან. 23 წლის წინ შენობა ცალკე მისამართად იყო გამოყოფილი, თუმცა მათ ის ერთ მისამართად გააერთიანეს და უძრავი ქონება მიიტაცეს,”-განაცხადა იურისტმა ნინო მეფარიშვილმა.

კაფეს მეპატრონებმა მერიის წინ გადაინაცვლეს და ბამბუკის კონა შენობასთან მიიტანეს. მათი განცხადებით, თვითმმართველობა ამბობს, რომ მფლობელებმა 23 წლის წინ მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს.

შეგახსენებთ, კაფეს მეპატრონეებმა აქცია რამდენჯერმე მოაწყვეს და მერია ობიექტის მითვისების მცდელობაში დაადანაშაულეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *