საზოგადოება
ქუთაისში 26 მაისისათვის მზადება დაიწყო
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს. თეთრ ხიდზე უკვე განთავსდა ინსტალაცია. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კი მიმდინარეობს პავილიონების მოწყობა.

ღონისძიებები, რომელიც 26 მაისს, 11:00 საათიდან დაიწყება, ძირითადად ცისფერყანწელების ქუჩასა და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერის მიმდებარედაა დაგეგმილი. 

11:00-დან 18:00 საათამდე მოეწყობა გამოფენები. მასში მონაწილეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სკოლა მიიღებენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან პროფესიული კოლეჯებიც.

11:00-დან 16:30 საათამდე ჩატარდება სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის. პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, სკვერში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და კონცერტები.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე მოეწყობა გალა კონცერტი. მასში მონაწილეობას ქუთაისის სახელმწიფო კაპელა, აფხაზეთის კაპელა, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნუკრი კაპანაძე, სოფო ბათილაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი, გიორგი ცაგარელი და DJ KORDZ მიიღებენ.




| Print |