ფილადელფიაში, მერიის ეზოში, ქუთაისელმა ოფიცერმა, გიორგი ქავთარაძემ, საქართველოს დროშა საზეიმო

ვითარებაში აღმართა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი აღინიშნა. გიორგი ქავთარაძე თავდაცვის აკადემიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საკარიერო კურსს წარჩინებით გადის.

“დღევანდელი დღე არის ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის. 101 წლის წინ ჩვენი ქვეყნის ღირსეული საზოგადო მოღვაწეების მიერ გადაიდგა ნანატრი ნაბიჯი, რომელმაც ისევ ჩვენს კუთვნილ სახლში, ევროპაში დაგვაბრუნა. ამ ხნის მანძილზე საქართველომ არაერთი ბრძოლა გადაიტანა. როდესაც საქართველოს სახელმწიფო დროშის ფრიალის ხმა გვესმის, ეს არის ხმა იმ დიადი წინაპრების: მაზნიაშვილის, კვინიტაძის, ანდრონიკაშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ტაბახმელაში გმირულად დაცემული იუნკერების, მარო მაყაშვილის, აფხაზეთსა და ცხინვალში დაცემული გმირების, 17 შინდისელის, გმირი გიორგი ანწუხელიძისა და მრავალი გმირის სიმართლის ხმა, რომელთაც თავისუფლება არჩიეს მონობას, რომლებმაც თავი არ დაუხარეს რუსეთის ტირანიას, მიმართულს ჩვენი ქვეყნის განადგურების საქმეში, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში, რათა საქართველო თავისუფალი და ერთიანი ყოფილიყო.”- განაცხადა ეროვნული თავდაცვისაკადემიის ოფიცერმა სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე ფილადელფიის მერიის ეზოში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამოქალაქო და სამხედრო პირებს.

საზეიმო ღონისძიებას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე, პენსილვანიის კონგრესმენი, ბრენდან ბოილი, ფილადელფიის მერიის წარმომადგენელი შეილა ჰესი ესწრებოდნენ.

წყარო: ეროვნული თავდაცვის აკადემია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *