კაფეს “სავანე” საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 16 ივლისს გამოაცხადებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეებმა მტკიცებულებების წარდგენა დაასრულეს. 

კაფეს მეპატრონეები ამბობენ, რომ მერიის მხარის დოკუმენტები სიახლე არ არის და აღნიშნული დოკუმენტები მათაც აქვთ წარდგენილი. 

“იგივეა რაც ჩვენ წარვადგინეთ. ჩვენ უფრო ჩაშლით გვაქვს და მეტი დოკუმენტია, ვიდრე მერიამ წარადგინა. ეს ბაღის გენერალური გეგმაა, ასევე მერის ბრძანება კაფესათვის საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით. იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. იმას, რასაც მოსამართლე ითხოვდა წინა პროცესზე არანაირად არ შეესაბამებოდა. ჩემი აზრით, მერიას არანაირი დოკუმენტი არ აქვს და რაღაც ქაღალდებს ისვრის.”- განაცხადა კაფეს მეპატრონემ გიორგი ტურაბელიძემ. 

შეგახსენებთ, კაფეს მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. კაფეს მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ ობიექტი 23 წლის წინ 10 000 დოლარად შეიძინეს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს. მათივე განმარტებით, მერიამ აზომვითი ნახაზები გააყალბა და მასზე ტერიტორია კონსტრუქციის გარეშეა დატანილი.

კაფე “სავანეს” მეპატრონეების ბრალდებებს, ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ირაკლი გიორგაძემ უპასუხა. როგორც იურიდიული განყოფილების უფროსი ამბობს, 23 წლის წინ ტურაბელიძეებმა მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია შეიძინეს, რომელიც მიწასთან უძრავად დაკავშირებული არ იყო.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *