დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმებს პაციენტისადმი

უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მოქალაქე მერაბ კოღუაშვილი სამედიცინო პერსონალის დაუდევრობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი 80 წლის დედა ექიმების გულგრილობამ იმსხვერპლა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრისა და მისი ადვოკატის თქმით, 2013 წელს სამედიცინო დაწესებულებას ელიკო კოღუაშვილმა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით მიმართა. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პაციენტს მხოლოდ რენტგენული სურათი გადაუღეს და მისთვის სხვა ტიპის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ. პაციენტი სახლში გაუშვეს და ის მალევე, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის შვილის ადვოკატი ამბობს, რომ მთავარი ექიმის, გია ღვინჯილიასა და მორიგე ექიმის, მარიკა ჩიხლაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

“გია ღვინჯილიასა და მარიკა ჩიხლაძეს ვთხოვთ პასუხს. მათ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ელიკო კოღუაშვილის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო. ადამიანი ფეხის მოტეხილობით გარდაიცვალა. დღემდე ვითხოვთ, რომ დამნაშავე პირები დაისაჯონ. დღემდე უამრავი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. პრეტენზია გაქვს როგორც ექიმებთან, ასევე პროკურატურასთან. დამნაშავეებს ხელს აფარებენ,”-ამბობს ადვოკატი, ივანე ლომიძემ.

გარდაცვლილის შვილი, მერაბ კოღუაშვილი ამბობს, რომ ექიმებმა ოპერაციის გასაკეთებლად 4000 ლარამდე თანხა მოითხოვეს.

“როდესაც შევიყვანეთ სამედიცინო დაწესებულებაში, ჩვენ გვქონდა დაზღვევა. არ მიაქციეს ყურადღება დაზღვევას. გვითხრეს არ ფინანსდებაო და უნდოდათ ფულის ხელზე აღება. როგორც შემდეგ გავიგეთ, თურმე ოპერაცია ფინანსდებოდა,”-განაცხადა მერაბ კოღუაშვილმა.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ექიმებს მხოლოდ გაფრთხილება მისცა, ხოლო სამივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქმეს ახლა სახალხო დამცველის ოფისი სწავლობს, თუმცა, მე-7 თვეა, რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *