15 ოქტომბერი უსინათლოთა საერთაშორისო დღეა, რომელსაც თეთრი

ხელჯოხის დღესაც უწოდებენ. უსინათლო და მცირემხედველ პირთა სრულფასოვანი ცხოვრებისა და ადამიანის უფლებებით თანაბარი სარგებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეაფასა. ლომჯარია განმარტავს, რომ ქვეყნის წინაშე მრავალი გამოწვევაა, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელია.

“ქვეყანაში არ გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ სივრცეში ორიენტაციისა და მობილობის, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობის, ბრაილის შრიფტისა და სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლა/განვითარებას. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გზებზე, გადასასვლელებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიუწვდომელია ფიზიკური გარემო. მისაწვდომობის სტანდარტს ასევე ვერ აკმაყოფილებს სატელევიზიო, ელექტრონული და ბეჭდური მედია”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის ინფორმაციით, უკიდურესად დაბალია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში შშმ ბავშვების ჩართულობის მაჩვენებელი. 2018-2019 სასწავლო წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 161 931 ბავშვი იყო რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციით კი მხოლოდ 805 შშმ აღსაზრდელი ირიცხებოდა.

რაც შეხება საჯარო სკოლებს, 2018-2019 სასწავლო წელს რეგისტრირებული იყო 524 000 მოსწავლე და მოსწავლეთა მართვის ელექტრონული ბაზის შესაბამის ველში სკოლების მიერ მხოლოდ 750 შშმ მოსწავლე იყო მონიშნული, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0,14%-ია.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *