ქუთაისში 60 და მეტი ასაკის მქონე პირებისთვის ახალი პროგრამა იწყება. ,,60 პლიუსი”

– ასე ჰქვია პროგრამას, რომელის კონცეფციაც გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით შეიქმნა. ,,60 პლიუსის” კლუბი 60 და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეების საზოგადოებაში აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. მათთვის სპეციალური ვარჯიშები, კულტურული აქტივობები დაიგეგმება.

,, ,,60 პლიუსის” კლუბი ეს არის ახალი კლუბის შექმნის ინიციატივა. რომლის კონცეფციაც გაეროს მოსახლეობის ფონდის შემუშავებულია. ამ პროგრამაზე მუშაობა დაიწყო წლის დასაწყისში. გაეროს ფონდის ინიციატივით, რამდენიმე ქალაქის წარმომადგენელი ვიმყოფებოდით ბოსნია ჰერცოგოვინაში, სადაც გავეცანით იქ არსებულ გამოცდილებას. საქართველოს კუთხით რამდენიმე ახალი ელემენტი დაემატა. კლუბები ინტეგრირდება ახალგაზრდულ ცენტრებთან უმეტეს შემთხვევაში და ჩვენს შემთხვევაში ასე იქნება. ეს არის კლუბი იმ ადამიანებისათვის, ვინც 60 წლის და მეტისაა. მიზანია ამ ადამიანების უფრო მეტად ჩართვა აქტიურ ცხოვრებაში, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ამ კლუბებში მათ ექნებათ შესაძლებლობა უფრო კარგად იგრძნონ თავი. ვგეგმავთ სხვადასხვა წრეების ორგანიზებას მათი სურვილის მიხედვით. ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში, რომელიც სპეციალურად იქნება მორგებული მათზე, რომ შესაბამისობაში იყოს მათ ასაკთან. გვეყოლება გადამზადებული კადრიც. ასევე სავალდებულო კომპონენტია თაობათა შორის დიალოგი.”- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.

,,60 პლიუსის” დასაფინანსებლად 2020 წლის ბიუჯეტში 15 ათასი ლარი იქნება გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *