ქუთაისში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანია-“თქვენთვის შეტყობინებაა” მიმდინარეობს.

მისი მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. კამპანიის ფარგლებში, ეწყობა თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, თემატური პერფორმანსები და გამოფენები. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქტივობები თვალსაჩინოს გახდის იმ უარყოფით შედეგებს, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ.

“ბავშვებზე ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს. ზოგ მშობელს მიაჩნია, რომ ეს არ არის ძალადობა, მაგრამ მისი ქმედება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენდეს მის შვილზე. ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა, ემოციური, უგულებელყოფა, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ხასიათის ძალადობა. ყველა საზოგადოებრივმა ცენტრმა, რომელთაც ბავშვებთან აქვთ შეხება, ძალადობის ამ ფორმების შესახებ უნდა იცოდეს და ხელი შეუწყოს მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებას. პრობლემის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო სერვისები და პროფესიონალი კადრები,”-განაცხადა ღონისძიების კოორდინატორმა, თინათინ ჭელიშვილმა.

კამპანიის დასასრულს, სამოქალაქო ორგანიზაციები და მოქალაქეები ხელს მოაწერენ პეტიციას და მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ ბავშვთა კეთილდღეობისა და ჰარმონიული განვითარების მიზნით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

კამპანიის ორგანიზატორები არიან: “კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის”, სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი , “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი”, საზოგადოება “ბილიკი”, ასოციაცია “სოციალური ქოლგა”, პროექტი PITA. კამპანია “თქვენთვის შეტყობინებაა” დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  ACCESS-ის პროექტისა და Save the Children-ის მიერ.

ფოტო: “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *