მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ იმერეთში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის

რამდენიმე ადგილი შეარჩია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნაგავსაყრელი აუცილებლად მოეწყობა, თუმცა არა ჭოგნარში, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ახალი ნაგავსაყრელისათვის სავარაუდო ადგილების შესახებ კი, ყველაზე ცოტა, 2 კვირაში გახდება ცნობილი.

,,ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ და ადრე დაგეგმილ ტერიტორიაზე აღარ კეთდება. ექსპერტების, მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით რამდენიმე ადგილი ავარჩიეთ და ჯერჯერობით სამ ადგილზე ვართ შეჩერებული. გრძელდება დამატებითი კონსულტაციები. ახალი ადგილი შეირჩევა გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილებით”.- განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე კვირაში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ, რომელიც შერჩეულ ადგილებს დაათვალიერებენ და ამის შედმეგ სამი სავარაუდო ადგილის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი.
,,რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები ვერ უძლებენ დატვირთვას. კანონმდებლობაც გვთხოვს, რომ არსებული ნაგავსაყრელები დაიხუროს და აშენდეს ევროპული ტიპის რეგიონული ნაგავსაყრელი. ადგილი უნდა იყოს გეოლოგიურად და ჰიდროლოგიურად მისაღები. გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ვარჩევთ ადგილებს და ამაში საერთაშორისო ექსპერტები გვეხმარებიან. რამდენიმე კვირაში ვფიქრობ, გვექნება იმ სამი სავარაუდო ადგილის გაჟღერების უფლება.”- განაცხადა ხათუნა ჩიკვილაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები შეწყვიტა.ქუთაისთან ახლოს, ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბარი წლების განმავლობაში მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ისინი ამბობდნენ, რომ მათ საცხოვრებელთან ნაგავსაყრელი ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას გამოიწვევდა. კომპანიაში კი ირწმუნებოდნენ, რომ ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისი იქნებოდა.

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვის იგეგმებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *