25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება,

რომელიც 1999 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ #54/134 რეზოლუციის მიღებით დაფუძნდა.

დღეიდან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2019 წელს კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა – სექსუალური შევიწროება.

სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით.

კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ. კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელი სამუშაოების დაკისრება 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღემდე ვადით.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სექსუალური შევიწროების ჩადენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პოლიციას (112), რათა დროულად იქნეს შესაძლებელი მტკიცებულებების მოპოვება და სამართალდამრღვევის გამოვლენა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *