პროექტის “უპასუხე დროის მოთხოვნებს, მიიღე განათლება და დასაქმდი!”

ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოქალაქეთა მისაღებში გაიმართა და მასში მონაწილეობა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროექტის ფარგლებში, 14-მა მობილობის შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ციფრული მარკეტინგის 3 თვიანი (300 საათი) კურსი გაიარა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს ციფრული მარკეტინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ობიექტის მომზადება და ფოტო-კოლაჟი; კონტენტის შექმნა და მარკეტინგი; სოციალური მედია-გვერდის შექმნა და მარკეტინგი; ვებ-გვერდის შექმნა და მართვა. სწავლების პროცესში გამოყენებულ იქნა მიდგომა “ისწავლე კეთებით”, კურსი პირისპირ და დისტანციური სწავლების პრინციპით წარიმართა.

პროექტის 8 ბენეფიციარმა მიღებული ცოდნა საკუთარი ბიზნეს იდეების განსავითარებლად და ანაზღაურებადი სამუშაოს მისაღებად უკვე გამოიყენა. მათ შექმნეს საკუთარი ონლაინ პლატფორმები, რომლის მეშვეობით, მოახდენენ მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მართვას, ხელნაკეთი ნივთების ონლაინ გაყიდვას და დამკვეთისთვის ვებ და სოციალური ქსელების გვერდების დამზადებას. პროექტის მონაწილეები საკუთარი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციას ონლაინ პლატფორმა ვენდოო.გე-ს საშუალებითაც მოახდენენ. პროექტის ფარგლებში სულ 22 შშმ პირის შრომითი და პროფესიული უნარები შეფასდა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ; 14 შშმ პირს გაეწია ინდივიდუალური კონსულტაციები სამუშაოს ძიების ტექნიკებზე და რეფერირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამაში.

პროექტს განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა, მათთვის შრომის ღია ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მარკეტინგისა და ვებ ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ცოდნისა და უნარების გამომუშავების ხელშეწყობა, შემოსავლების გენერირების შესაძლებლობა, როგორც თვითდასაქმებით, ისე შრომის ღია ბაზარზე დასაქმებით.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *