ქუთაისში შ.პ.ს. “ამბიკა სტილსის” თანამშრომლები გაიფიცნენ. მეტალურგიულ ქარხანაში

დასაქმებულები გაუსაძლის სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. მუშები ხელფასის მომატებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ქარხანაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. მათივე თქმით, ადმინისტრაცია მუშებს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით არ უზრუნველყოფს. მოუწესრიგებელია სველი წერტილები და სასადილო. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვერც კვებითა და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევით ვერ სარგებლობენ.

“ვითხოვთ ხელფასის 30 %-მდე მომატებას. ვმუშაობთ 12 საათი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს არანაირი პირობები. არ არის გათბობა, სველი წერტილები. არ გვაცვია ფორმა, ჩვენი ტანსაცმლით ვმუშაობთ. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს,”-აცხადებენ გაფიცულები.

აქციის მონაწილეები ქარხნის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბონენ, რომ ხელმძრვანელობა მათს მოთხოვნებს არ ისმენს.

გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესს არ განაახლებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ქარხნის წარმომადგენლობა მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ქარხანაში ადამიანის უფლებები დაცული არ არის. წულაია ხელისუფლებას გაფიცულების მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

ქარხანაში 270-მდე მუშა მუშაობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *