ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, საქალაქო ტრანსპორტის

მძღოლი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს – 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრეს ავტობუსის დამხმარე მძღოლიც.  ის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *