ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ფსიქიკური ჯანმრთელობის

მქონდე 50 წელს გადაცილებული ქალის ოჯახის ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის ნათესავი მზია ნემსიწვერიძე ამბობს, რომ შუახნის ქალი ნაქირავებ სახლში მძიმე სოციალურ პირობებში მარტო ცხოვრობს. მისივე თქმით, უკმაყოფილო არიან მეზობლებიც. 

“უკიდურეს მდგომარეობაშია. ძაღლები ჰყავს სახლში და მეზობლებს უჩივლიათ. დიშვილმა მისი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა ითხოვა, თუმცა უარი უთხრეს. გვინდა, მიხედონ და შესაბამის დაწესებულებაში მოათავსონ,”-ამბობს მზია ნემსიწვერიძე.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია წივწივაძე ამბობს, რომ 50 წელს გადაცილებულ ქალს კანონიერი წარმომადგენელი- დროებითი მხარდამჭერი ჰყავს.

“ქალბატონს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ის სისტემატიურად საჭიროებს ზედამხედველობას, სამედიცინო და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარებას. დროებითი მხარდამჭერი მისი დის შვილია და მას ჰქონდა თხოვნა, რომ ქალბატონი ხანდაზმულთა პანსიონატში გადაეყვანათ მხოლოდ ქუთაისის ტერიტორიაზე. როგორც კი განემარტა მხარდამჭერს, რომ მხარდაჭერის მიმღები პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხუცთა პანსიონატში ის არ იყო სამიზნე ჯგუფი, შეეთავაზა სხვა სერვისები აღმოსავლეთ საქართველოში, გურიაში და ხონში. ამაზე მხარდამჭერმა უარი განაცხადა და მისი სურვილით კვლავ მასზე ზედამხედველობას გააგრძელებს. მხარდამჭერი ამბობს, რომ თუ ქალბატონის მდგომარეობა გაუარესდება და მასზე ზედამხედველობას ვერ განახორციელებს, ამ შემთხვევაში მოგვმართავს სხვა დაწესებულებაში გადაყვანისათვის. დღემდე მხარდამჭერი მის მოვალეობას ასრულებს,”-ამბობს ნათია წივწივაძე.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონდე პირმა სათემო გარემოში შეინარჩუნოს ცხოვრება და არ მოხდეს მისი დისკრიმინაცია. 

“გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მას გარეშე პირები ავიწროებენ, რადგან სახლში ცხოველები ჰყავს. ითქვა, რომ ეჩხუბებიან იქ მცხოვრებლები, ამაზე სამართალდამცავ ორგანოებთან იქნება გადამისამართებული,”-ამბობს ნათია წივწივაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *