ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკის თანამშრომლებს 4 თვეა ხელფასი

არ აუღიათ. მედ პერსონალმა კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართა. კლინიკაში დასაქმებულები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციის შემდეგ, პერსონალის ნაწილს მიზერული თანხები დაერიცხა და ისიც გაურკვეველი  კრიტერიუმებით. კლინიკაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ დღეს ხელშეკრულებები გაფორმდა და 21 პირს, რომელიც კარანტინში მუშაობდა, იქ გაწეული შრომის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. მათი თქმით, სავარაუდოდ, კარანტინში მუშაობისათვის ხელფასებს მომავალ კვირაში მიიღებენ. რაც შეეხება ცხელების ცენტრის ანაზღაურებას, საკითხი კვლავ გაურკვეველი რჩება.

“ხელშეკრულებებზე ხელი დღეს მოვაწერეთ და სავარაუდოდ, საკარანტინო ზონის ხელფასი უნდა დაირიცხოს იმ კვირაში. ცხელების ცენტრში მუშაობის ანაზღაურება ნაწილს დაერიცხა, ნაწილს საერთოდ არ დაერიცხა. ვინც სახლში იყო და არ მუშაობდა, მას მეტი დაერიცხა,”-ამბობენ კლინიკაში დასაქმებულები.

ჩხობაძის კლინიკის დირექტორის თქმით, კარანტინში მომუშავე პერსონალთან ხელშეკრულებები გაფორმდა და მათს ანაზღაურებას სოციალური სააგენტო აფინანსებს.

“ხელფასებსა და პრემიებზე იყო საუბარი. პრემიის თანხა რაღაც ნაწილია გაცემული და რეალურად მეტს ელოდებოდნენ, ელოდებოდნენ ხელფასის ტოლფას პრემიას, როგორც იყვნენ შეპირებული, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ამ ყველაფერს ვერ ვითვალისწინებთო ასე ვიცი. აღნიშნული კლინიკა აპრილისა და მაისის თვეში იყო ცხელების ცენტრად გადაკეთებული. აპრილის ანაზღაურება მიღებული აქვთ, მაისის არ აქვთ მიღებული. პრემია აპრილის თვის აქვთ მისაღები და მიიღეს რაღაც ნაწილი. ერთჯერადად გასცეს მეტჯერ აღარ გაიცემა და ამაზე აქვთ უკმაყოფილება. გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრმა უნდა მიიღოს და როგორც ვიცი, მეტს ვეღარ ითვალისწინებენ,”-ამბობს კლინიკის დირექტორი გოგიტა ბაბუნაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *