მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების

საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს. სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გეოლოგებმა დილითვე დაათვალიერეს სტიქიის ზონა და დადგინდა, რომ არ არის დაგუბებები, რაც ნიშნავს იმას, რომ წყალმოვარდნები ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის. საპროექტო ჯგუფები იმყოფებიან დიდ და პატარა ღებში, სადაც სპეციალისტები დარჩებიან რამდენიმე დღე იმისთვის, რომ მოხდეს დეტალური აღრიცხვა, შესწავლა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაპროექტება.

“მოსალოდნელზე ადრე მოხერხდა კიდევ ორ სოფელთან შემოვლითი გზების საშუალებით კავშირის აღდგენა და ამ ეტაპზე გვრჩება 5 სოფელი, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს. აქტიურად გრძელდება მუშაობა მდინარის კალაპოტის შესაცვლელად, რის შედეგადაც იქ, სადაც გუშინ სრულიად იყო ჩაწყვეტილი გზა, დღეს უკვე დროებითი გადასასვლელი არის მოწყობილი და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ტექნიკა შემდგომ მონაკვეთამდე გადასვლას შეძლებს. ვიდრე აღდგება მოძრავი მაღაზიები, რომელსაც უზრუნველვყოფთ ვერტმფრენების საშუალებით, მანამდე ყველას მოვამარაგებთ პირველადი სასურსათო კალათით. იმ ხუთ დასახლებაში, სადაც ჯერ საავტომობილო მოძრაობა არ გვაქვს, დღეში ორჯერ ვერტმფრენი რეისებს შეასრულებს. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ სოფლებში ხვალიდან მუდმივად იქნება სოფლის ექიმი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მათი ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა. გუშინ 10 დასახლებაში აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება, დღეს დამატებით ჩაირთვება უწერა და გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებშიც, დაზიანებული ხაზების აღდგენაზე, უკვე მუშაობენ სპეციალისტები,”-განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *