არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20‘’ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ლაშა ფარულავას ინფორმაციით, ცესკოს მონაცემებით, ბევრი ამომრჩეველი, როგორც ქუთაისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, არარსებულ მისამართებზეა რეგისტრირებული. როგორც ლაშა ფარულავა ამბობს, შეიძლება საქმე ტექნიკურ შეცდომასთან გვქონდეს და გადაჭრით იმის მტკიცება, რომ ამ გზით ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ცდილობს, არ შეიძლება.

 

,,მაგალითად, ერთი პირი რეგისტრირებულია სინაურის  N 39-ში, არადა სინაურის ქუჩაზე N 39 არ არსებობს. ასევე ზოგჯერ მესაკუთრეები თავიანთ სახლებში უცხო პირებს ნახულობენ ჩაწერილს. ჩვენ გვინდა ცესკოსთან თანამშრომლობა, რათა ამომრჩველთა სიები ისე დაიხვეწოს, რომ არანაირი სპეკულაციის საშუალება არ დარჩეს. 13 ოქტომბერს უკვე ცესკოს საბოლოო სია დგება და თუ სიები დროულად არ გადამოწმდა, ვეღარაფერს შევცვლით. თუ ცესკო ამომრჩეველთა სიას არ გადახედავს და ხარვეზებს არ გაასწორებს, გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საქმე სპეკულაციასთან და არჩევნების გაყალბების მექანიზმთან გვაქვს,’’-აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ის ამბობს, რომ ორგანიზაციამ მოამზადა ვიდეორგოლი, რომლის ნახვის შემდეგაც ამომრჩევლები თავიანთ მისამართებზე რეგისტრირებული უცხო პირების გადამოწმებას შეძლებენ.

როგორც ქუთაისის N 59-ე საოლქო კომისიაში განგვიცხადეს, ორგანიზაციას საჩივრით მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ როგორც კი ,,სამოქალქო პლატფორმა 20/20” მათ საჩივარს წარუდგენს, ცესკოს აღნიშნულ თემაზე მუშაობას დაიწყებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *