ქუთაისში 37 წლის მამაკაცს მეზობლის მიმართ მუქარასა და ადანაშაულებენ.

როგორც დაზარალებული რადიო,, ძველ ქალაქთან” საუბარში ყვება, 3 ოქტომბერს დავით გეწაძემ მისი სახლის ფანჯარას ქვები დაუშინა, რის გამოც იძულებული გახდა პოლიცია გამოეძახებინა. ნინი თვალავაძის თქმით, მანამდე ადგილი ჰქონდა მეზობლის მხრიდან მუქარასა და არაადამიანურ მოპყრობას. ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

,, დავით გეწაძესთან რთული ურთიერთობა მქონდა. გამომდინარე იქედან, რომ მეუღლეს გაშორებული ვარ, ჩემი მეზობელი თვლიდა, რომ უფლება ჰქონდა ეკონტროლებინა როდის მოვდიოდი სახლში, ვის მოვყავდი, რა მეცვა და ა. შ. დაახლოებით, 7 თვის წინ საკუთრი დედა სცემა. დედამისმა პოლიციაში ჩემი ტელეფონით დარეკა. მე როგორც მოწმე ისე წამიყვანეს. არ მითქვამს ტყუილი, რომ დავინახე როგორ სცემდა გეწაძე დედამისს, მაგრამ ვთქვი, რომ ეს ადამიანი ჩემ მიმართაც აგრესიით გამოირჩეოდა. დავით გეწაძე 7 თვე იყო დაკავებული და როდესაც გამოვიდა, ჩვენი ურთიერთობა უფრო დაიძაბა, რასაც საბოლოოდ ის მოყვა, რომ ჩემს სახლს ქვები დაუშინა და პოლიციამ დააკავა, ”-ამბობს ნინი თვალავაძე.

მისი თქმით, მეზობელი მას მუდმივად უთვალთვალებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რის გამოც გამუდმებით შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

,, 15 სექტემბერი იქნებოდა, როცა სადარბაზოში შევედი და გავიგონე როგორ მლანძღავდა. მისი საუბარი ჩავიწერე. სამწუხაროდ, დავით გეწაძემ დაინახა, რომ მის ხმას ვიწერდი და სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა. მასთან ერთდ მისი ძმაც მემუქრებოდა. მივმართე პოლიციას, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. 2 ოქტომბერს, ღამის ორ საათზე დერეფანში ვიყავი და გეწაძე ითხოვდა ჩემი დივანი, რომელიც დერეფანში მიდგას, სახლში შემეტანა. ვუთხარი, რომ დივანი მას ხელს არაფერში უშლიდა და ამ დაპირისპირების დროს შემაფურთხა. გამოვიძახე საპატრულო ეკიპაჟი, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა დილით მისთვის ეს ორდერი რომ უნდა ჩაებარებინათ, პოლიციას შინ არ დახვდა. 3 ოქტომბერს კი ჩემს სახლს ქვები დაუშინა, ”-აღნიშნა ნინი თვალავაძემ.

მომხდარზე გამოძიება ადევნებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლით მიმდინარეობს. დაზარალებული ასევე ითხოვს, ბრალდებულის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გასამართლებას, რაც არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

დავით გეწაძის უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება. ნინი თვალავაძე კი თავის უფლებებს ადვოკატის გარეშე დაიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *