ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და ამბობენ, რომ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი აქვს ჟურნალისტების მისამართით სიძულვილის ენის გამოყენებას, რაც ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას.

 

აქციის მონაწილეები ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლის მიხედვითაც შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებენ, შეწყდეს ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებების გაკეთება.

,,სახელმწიფოში არსებული არსებული ვითარება- განსხვავებული აზრის დევნა მძიმედ აისახება მედიის მუშაობაზე. გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმები, ჩვენ ყოველ წელს ვაპროტესტებთ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ იცავს კანონს და წახალისებულია ჟურნალისტებზე თავდასხმები, ეს უნდა იყოს აღკვეთილი,’’-ამბობს რადიო ,,ძველი ქალაქის” პროგრამების დირექტორი, ქეთევან ბერძენიშვილი.

,,ის რიტორიკა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს ჟურნალისტების მიმართ აქვთ, ხელს უწყობს იმ ძალების წახალისებას, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილნი განსხვავებული აზრის მიმართ  და შესაბამისად, არაერთი სამწუხარო ფაქტის მომსწრე გავმხდარვართ. სოლიდარობას ვუცხადებთ ვახო სანაიას და ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას,’’-ამბობს ტელეკომპანია მეგა ტვ-ის მენეჯერი, ნანა თოშხუა.

ვახო სანაიას თავს 4 თებერვალს დაესხნენ. განხორციელებულ ძალადობას ვახო სანაია მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

შშს-მ ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *