ქუთაისი ქალთა მოძრაობის მიერ დაგეგმილ 100 დღიან

საპროტესტო კამპანიას უერთდება. 1000 მშობლის მარში დღეს, 17:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. 

“მარშის მთავარი მიზანი იმ ძალადობის გაპროტესტებაა, რომელიც საზოგადოებაშია შექმნილი. ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანი გოგონები განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ამ პრობლემისგან,”-ამბობს აქციის ორგანიზატორი, ნატალი პატარიძე.

აქცია საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნებია, სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი შეიცვალოს, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი. პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი შეიქმნას, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს, გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი ის, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას, გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოც მუშაკების რაოდენობა, დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

კამპანია პროტესტის 100 დღე ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *