სავარაუდო ძალადობა პოლიციის მხრიდან- ხონში სამართალდამცველებს ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ.

ახლობლების ინფორმაციით, 27 წლის თორნიკე კაკაურიძე კომენდატის საათის დროს ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და შენიშვნა მისცა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თორნიკე კაკაურიძის მამის თქმით, სამართალდამცველები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.

,,რესტორანში ქეიფობდნენ პოლიციელები, 11 საათისთვის გამოვიდნენ, ჩემი შვილი ამ დროს მანქანით მოძრაობდა. გადაუდგნენ და უთხრეს, კომენდატის საათია და რატომ მოძრაობო, თან ამ დროს მანქანაშივე დაარტყეს. ჩემს შვილს უთქვამს რატომ მცემთ თუ დავარღვიე,  დამაჯარიმეთო. ამაზე გაგიჟდნენ, როგორ გვიბედავ ამის თქმასო, კარები გააღეს, გადმოიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მასთან ერთად მისი მეგობარიც იმყოფებოდა. ის ვერ დაეხმარებოდა, რადგან პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. ჩემს შვილს ფეხი ორ ადგილზე აქვს მოტეხილი, ღია ჭრილობა აქვს ფეხზე, ტვინის შერყევა აქვს, უტარდება გადაუდებელი ინფორმაცია,’’-ამბობს მერაბ კაკაურიძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს თავად თორნიკე კაკაურიძეს ედავება. უწყების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კომენდატის საათის დროს გადაადგილდებოდა, პოლიციის შენიშვნაზე კი მან სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება 253-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *