მას შემდეგ, რაც რიონის ხეობის “მცველებმა” განცხადება

გაავრცელეს და თბილისში ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჩავიდნენ, რამდენიმე ორგანიზაციამ მათთან კომუნიკაცია გაწყვიტა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”, “მწვანე ალტერნატივამ” და “მწვანეებმა”.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში ნათქვამია, რომ არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ  მათთან ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

“სამწუხაროდ, ძალადობის ამ მასშტაბურ, არაჰუმანურ და კოლექტიურ პრაქტიკაზე რიონის ხეობის მცველების დამაჯერებელი და თვითრეფლექსიური კრიტიკა არ მოგვისმენია. ამ დრომდე რიონის ხეობაში მიმდინარე წინააღმდეგობა ახერხებდა სხვადასხვა, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვებისა და პოზიციების მქონე ჯგუფების გაერთიანებას. მოძრაობას პირველივე დღეებიდან აძლიერებდა თანასწორობისა და არაძალადობრიობის პრინციპებზე დაფუძნებული შინაარსი. ვთვლით, რომ ამ ღირებულებების ერთგულების გარეშე მოძრაობა კარგავს მის სოციალურად სამართლიან, ფართო საზოგადოებრივი წუხილების დატევისა და გამოხატვის პოტენციალს.

ამ რეალობაში “რიონის ხეობის მცველების” მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა,”-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

“მწვანე ალტერნატივას” განცხადებაში წერია, რომ ორგანიზაცია ნამოხვან ჰესის აშენების წინააღმდეგი იყო რიონის ხეობის მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს ამ წინააღმდეგობას, თუმცა, მათთან კომუნიკაციის გარეშე.

“ჩვენდა სამწუხაროდ, “რიონის ხეობის მცველებმა”, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, მწვანე ალტერნატივა წყვეტს რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობასთან კომუნიკაციას,”-წერია განცხადებაში.

“მიუხედავად პიროვნული ურთიერთპატივისცემისა, რომელიც თვეებზე მანძილზე, ერთიან ბრძოლაში განვითარდა, რომელიც არ იყო ერთხაზოვანი და რომელშიც მცველები გარკვეულწილად საკუთარ თავზე იღებდნენ ძალათა ბალანსს და პროტესტის მონაწილეთა უსაფრთხოებას, პრინციპულობა და ღირებულებებისადმი ერთგულება მოითხოვს სიცხადეს. ერთ უსამართლობასთან ბრძოლა, მეორეზე თვალის დახუჭვით, თავისა და ერთმანეთის მოტყუებაა. ჰესის წინააღმდეგ, ძალადობაზე თვალის დახუჭვით ბრძოლის არ გვჯერა,”-წერია “მწვანეების” განცხადებაში.

5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ 53 ჟურნალსიტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლების გარდა, თავდასხმები მოეწყო აქტივისტების ოფისებზე. ასევე, პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *