ქუთაისის მერიიდან ძალის გამოყენებით გაყვანილი ჟურნალისტის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის მიმართ,

რომელიც მერიის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს,  სამართლებრივი დევნა შეწყდა. მოსამართლე ციცინო კიკვაძემ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. საპატრულო პოლიცია ჟურნალისტს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში უკანონო შეჭრას ედავებოდა.

 

,,მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, თითქოს ბუბა ჩივაძე უკანონოდ შეიჭრა მერიის შენობაში.  სინამდვილეში, ასე არ ყოფილა. ბუბა ჩივაძე არის ჟურნალისტი და მას აქვს უფლება შევიდეს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის გარეშე. მითუმეტეს, იქ არ იყო საშვთა ბიურო, რომ ყოფილიყო ჟურნალისტებს საშვის გარეშე გადაადგილების უფლება აქვთ. საქმესთან დაკავშირებით, დაიკითხნენ ქუთაისის მერი და მერიის სხვა თანამშრომლები. მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა,"-ამბობს ბუბა ჩივაძის ადვოკატი რომა ჭეიშვილი.

ბუბა ჩივაძეს საპატრულო პოლიცია ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებოდა.

ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე პოლიციამ 5 აპრილს დააკავა. შემთხვევას ბუბა ჩივაძესა და მერიის დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება უძღოდა. Kutaisi today-ს რედაქტორს მერიაში შესვლის უფლება მერიის დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს, რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, დაცვამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ბუბა ჩივაძე მერის სამუშაო ოთახში შეიჭრა და შიმშილობა დაიწყო. ის აცხადებდა, რომ შიმშილობას მანამ არ შეწყვეტდა, სანამ ქუთაისის მერი არ შეხვდებოდა. სამართალდამცველებმა ჟურნალისტი მერიის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და ხელბორკილი დაადეს. ტრანსპორტირების დროს ჟურნალისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

| Print |