ჟურნალისტების პროტესტი ქუთაისის მერიაში. მედიის წარმომადგენლებმა

“ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები მერიის თეთრ დარბაზში გამოფინეს. ჟურნალისტების თქმით, 5 ივლისს პრემიერ მინისტრის წახალისებით მედიის 53 წარმომადგენელს სცემეს, რის გამო აუცილებელია პასუხი აგონ ბრძანების გამცემმა, წამახალისებელმა პირმა და მოძალადეებმა. 

აქცია-პერფორმანსი შეხვედრის ფონზე უნდა გამართულიყო. ქუთაისის მერიის შენობაში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ელოდებოდნენ. ის ქუთაისის მერს უნდა შეხვედროდა და მემორანდუმი გაეფორმებინათ, თუმცა, მერიის თეთრს დარბაზში არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.

“11 საათზე უნდა გაფორმებულიყო მემორანდუმი, აღნიშნულის შესახებ, ბუნებრივია, ვიცოდით. დარბაზში ყველაფერი მზად ჰქონდათ. სავარაუდოდ, ინფორმაციამ გაჟონა. მინისტრმა შეიტყო, რომ პერფორმანსის ჩატარება გვსურდა და სხდომათა დარბაზში არც მერი და არც მინისტრი აღარ შემოსულან,”-განაცხადა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ.

“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. 5 ივლისს გამართულ აქციაზე ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *