ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი აქტივისტი

ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი გაათავისუფლეს. როგორც რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და აქტივისტები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ისინი ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლო პროცესები კვლავ გაგრძელდება.

“აქტივისტები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად არიან და გააგრძელებენ რიონის ხეობის დაცვისთვის ბრძოლას. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

28 წლის დავით ხუციშვილი 10 ივნისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხუციშვილი 29 მაისს, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამავე ბრალდებით იყო დაკავებული ირაკლი მუკბანიანიც. ის სოფელ საყულიაში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, დავით ხუციშვილსა და ირაკლი მუკბანიანს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *