ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს გამოეხმაურა, რომელზეც პარკში არსებული უწესრიგობა და მიმდინარე სამუშაოები იყო აღბეჭდილი.

პარკის ადმინისტრაცია წერს, რომ ადგილი, სადაც სამშენებლო მასალებია თავმოყრილი, წლების წინ გაიჯარდა, ახლა, კი იქ მდებარე ატრაქციონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათი განცხადებით, ატრაქციონის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება და შესაბამისად, იმ დროისთვის მოხდება პარკის სრულყოფილად მოწესრიგება.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ნიკუშა დეისაძის ფოტოები, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გადაღებული, სადაც აღბეჭდილი იყო პარკის ტერიტორიაზე არსებული უწესრიგობა. მოგახსენებთ რომ, ადგილი სადაც სამშენებლო მასალები არის თავმოყრილი გაიჯარებულია წლების წინ, იქ მდებარეობს ატრაქციონი ,,საქანელა”, მეორე დღეა მიმდინარეობს აღნიშნული ატრაქციონის სრული რეაბილიტაცია, დაზიანებული იატაკის მაგივრად დაიგო ბეტონის საფარი, მიმდინარეობს ატრაქციონის ნავების შეცვლა და მოდერნიზება, სამუშაოები დამთავრდება სექტემბრის ბოლოს და ნარჩენებისგან გათავისუფლდება ტერიტორია. აქვე ავღნიშნავთ რომ, პანდემიასთან დაკავშირებით პარკში მიმდინარეობს თანამშრომელთა მორიგეობა, ასევე სამი დღეა პარკის ტერიტორია ითიბება (მესამედ). რაც შეეხება საზოგადოებრივ ტუალეტზე წარწერას, მსგავს ფაქტებს ადგილი ქონდა სხვა დროსაც, ხან ოფისის ხან სხვა ნაგებობაზე, ჩვენი მხრიდან ხდება მუდამ სწრაფი რეაგირება და მათი გადაღებვა.” – ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი

პარკის დირექტორი გიზო თავაძე, ჩვენთან საუბრისას ამბობს: “მაქსიმალურად ვუვლით პარკს, 4 სართულიანი სიმაღლის სამი ახალი ატრაქციონი დაიდგა ახლა “აწარმოე საქართველოში” ეგიდით. აღარ ვამატებ რამდენი ხე დავრგეთ, რას და როგორ ვაკეთებთ, რომ ახალგაზრდობის პარკი იყოს კიდევ უფრო სასიამოვნო და რეკრეაციული ზონა ადამიანებისთვის.

რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოებს, პარკში არსებული ატრაქციონების ძველი ნავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს უკვე მეორე თვეა, ერთი კვირა სჭირდება საქმის დასრულებას და ყველაფერი მოწესრიგდება. ეს ატრაქციონები არის დაახლოებით 35 წლის, საბჭოთა პერიოდშია შემოტანილი ის ძრავები, მოხდება მათი განახლება.

პარკი არის 8 ჰექტარი, დღედაღამ ასუფთავებენ მეეზოვები, მაგრამ ფოთოლცვენაა, უამრავი ჭადარი დგას და კედარი, 5 000 მეტი ხეა ჩვენს პარკში, დილით დაგვიან მეეზოვეები, საღამოს ფოთლებით არის სავსე. ტუალეტზე მიუწერიათ კიდევ – ეს ბალონები უჭირავთ ხელში, წააწერენ და გარბიან. მთელ ქალაქში ვხედავთ მსგავს უშინაარსო და უცენზურო წარწერებს, შემდეგ იძულებული ვართ წავშალოთ სხვა საღებავით, რადგან წაშლითაც არ იშლება.

2011-2012 წლებში ენახათ, როგორ გამოიყურებოდა პარკი, ერთი ნათურაც კი არ იყო, 72 განათების ბოძი დგას ახლა. 10 ვიდეო თვალი დავდგით, 8 ჰექტარია პარკი, 80 ვიდეოკამერა უნდა დადგა, რომ ყველაფერი გაკონტროლდეს და ამხელა დაფინანსება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს ჯერჯერობით, ნამდვილად არ აქვს.”– ამბობს პარკის დირექტორი და მწერალი გიზო თავაძე.

გიზო თავაძე 2011 წლიდან მუშაობს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის დირექტორად.

მისი იდეით აშენდა პარკში “ლიტერატურული სარდაფი”, გაშენდა მწერლების: აკაკი წერეთლის, ცისფერყანწელების, ოტია იოსელიანის, რეზო ჭეიშვილის, ზურაბ კუხიანიძის ხეივნები.

ასევე, იგეგმება გალაკტიონ ტაბიძის, ანა კალანდაძის და რეზო გაბრიაძის ხეივნების გაშენება, სადაც მწერლების ბიუსტები დაიდგმება.  

მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი 1957 წელს არის დაარსებული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *