გაეროს ქალთა ორგანიზაციიის კვლევის შედეგებით, საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

კვლევა CRRC-საქართველომ გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის პროექტის “კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში” ფარგლებში მოამზადა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კვლევის მიზანია მტკიცებულებების შეგროვება სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების პოლიტიკის შემუშავების ხელშესაწყობად.

კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93% სექსუალურ შევიწროებას სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიიჩნევს. კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება საქართველოში გავრცელებული, თუმცა დაფარული პრობლემაა.

სექსუალური შევიწროების შესახებ შესაბამისი პირისა თუ უწყებისთვის ოფიციალურად მსხვერპლების მხოლოდ 10%-ს უცნობებია. გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ თუ სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებენ, ეს მათ კარიერაზე ნეგატიურად აისახება.

კვლევაში ასევე ასახულია საჯარო მოხელეების დამოკიდებულებები პრობლემაზე რეაგირებისა და შეტყობინების მექანიზმების შესახებაც. გამოკითხულთა 98% ფიქრობს, რომ ხელმძღვანელები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულად უნდა მიუდგნენ, 95%-ს კი მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ჩამდენები უნდა დაისაჯონ.

ამას გარდა, 94% აცხადებს, რომ უფლება აქვს, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადოს, 80%-ს კი მიაჩნია, რომ შეტყობინება ძალადობის შეჩერების შედეგიანი ხერხია. გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია, შეტყობინება უწყებაშივე შეძლოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *