“ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ფასადების რეაბილიტაციის პროექტი გაგრძელდება.

მისი თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება  ქალაქის ცენტრში მდებარე, ფალიაშვილის #35 ბინის რეაბილიტაცია.

ქალაქის მერობის კანდიდატი ფეისბუქ ლაივში ამბობს, რომ მრავალბინიანი სახლების სართულებსა და აივნებზე თვითნებური ცვლილებები დიდ სირთულეს წარმოადგენს.

“ჩვენ დავიწყეთ ფასადების რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე მდებარე ორ ბინასა და ავტომშენებლის ქუჩაზე ოთხ ბინაზე, ეს არის პირველი ეტაპი, ასევე იგეგმება ახალგაზრდობის გამზირზე, 101 ნომრის ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც მართლაც კატასტროფულ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ფასადების რეაბილიტაციის პროექტს გავაგრძელებთ იმიტომ, რომ მოსაწესრიგებელია და ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ქალაქის იერსახეზე, თუმცა დიდ სირთულეს წარმოადგენს ის თვითნებური ცვლილებები, რომელიც განხორციელებულია მრავალბინიანი სახლების სართულებსა და აივნებზე, რაც ართულებს გარკვეული პროექტების განხორციელებას და ამის არაერთი მაგალითი გვქონია.

ასევე, ფალიაშვილის #35-ში თითქმის დასასრულს უახლოვდება ქალაქის ცენტრში მდებარე ბინის რეაბილიტაცია, ბევრი სამუშაო ჩატარდა და განახლდა როგორც ფასადი, ასევე აივნები და სულ მოკლე ხანში გამორჩეული ფასადი ექნება ამ ბინას”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *