საქართველოში მოპარული ხელფასის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა.

ტრენინგები და სამსახურეობრივი შეხვედრები, რომლებშიც დამსაქმებლის მოთხოვნით ვმონაწილეობთ და არ გვინაზღაურდება, მოპარულ შრომად ითვლება. ტრენინგები, განსაკუთრებით დასვენების დღეებში ანაზღაურებული უნდა იყოს გაზრდილი ოდენობით.

 

აუნაზღაურებელ დრო, რომელსაც დასაქმებულები კარგავენ, არის მოპარული ხელფასი, რა დროც დასაქმებულს ეკუთვნის, თუმცა მას პარავს დამსაქმებელი.

ონლაინ ინსტრუმენტის – მოპარული ხელფასის გამომთვლელის მიხედვით, დასაქმებულთა 80%-ს არ უნაზღაურდება სავალდებულო ტრენინგები. გამომთვლელის მონაცემებით, 3010 დასაქმებულიდან 1436 მიუთითებს, რომ სამსახურში სავალდებულოდ უწევს ტრენინგების გავლა, ხოლო აქედან  1148 დასაქმებულს (79.94%)-ს არ აუნაზღაურდა სწავლების დრო.

„ღირსეულის შრომის პლატფორმის“ იურისტი დავით ომსარაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ორგანიზაციას აღნიშნული პრობლემით ბევრი დასაქმებული მიმართავს და  გამომთვლელის  მონაცემები საგანგაშოა. იურისტი აღნიშნავს, რომ აქამდე ქვეყანაში არ არსებობდა შრომის ინსპექცია, რომელიც შრომით ურთიერთობებში არსებულ დარღვევებს დაარეგულირებდა, რამაც ხელი შეუწყო დამსაქმებლების მხრიდან დასაქმებულთა  სხვადასხვა ფორმით ექსპლოატირებას.

 

„ როცა ტრენინგი არის სავალდებულო, განსაკუთრებით მაშინ, თუ  ტარდება არასამუშაო დროს – უქმე დღეებში,  რა თქმა უნდა, ის უნდა მიჩნეულ იქნეს ზეგანაკვეთურ შრომად და  აუნაზღაურდეთ გაზრდილი ოდენობით, რაზეც დასაქმებული და დამსაქმებელი თანხმდებიან ხელშეკრულებაში ზეგანაკვეთური ანაზღაურების გამოანგარიშების წესის შესაბამისად.

ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობდა ქმედითი შრომის ინსპექცია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლიდა. პროფკავშირები განსაკუთრებით მომსახურების სფეროში არ არის სამწუხაროდ ძლიერი, რომ დასაქმებულებმა თვითორგანიზებით მოახერხონ, დაუპირისპირდნენ ამ უსამართლობას და მეორე საკითხი ასევე მნიშვნელოვანი, რამდენად ინფორმირებულები არიან დასაქმებულები თავიანთი უფლებების შესახებ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დასაქმებული საერთოდ ვერ ხვდება, რომ როდესაც დამსაქმებელი არ უხდის აღნიშნულ ანაზღაურებას, ის რამეს არღვევს

დამსაქმებელს რა თქმა უნდა, სურს უკეთ მომზადებული, გადატრენინგებული კადრები და თავად დასაქმებულსაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს დასაქმებულის დროის ხარჯზე“, – დავით ომსარაშვილი, „ღირსეული შრომის პლატფორმა“

კიდევ ერთი  საკითხია დრო, რომელიც დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გვესაჭიროება, მას კვლავ სამსახურეობრივ ტრენინგებს ვუთმობთ,  მნიშვნელოვნად  არღვევს ბალანსს სამსახურსა და დანარჩენ ცხოვრებას შორის, რაც  გადაწვას, გამოფიტვას იწვევს, რომელიც  შემდგომ  ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხსაც განსაზღვრავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *