ეკონომიკის სამინისტროში შქმერის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

ორგანიზაციები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მწვანე ალტერნატივა სამინისტროსგან ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ. 

მათი განცხადებით, ლიცენზიების გაცემის პროცესში დარღვეულია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ, ასევე კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცესის ნაცვლად, სახელმწიფო უწყებებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გამოიყენეს.

ორგანიზაციები სამინისტროსგან გაცემული ლიცენზიების გაუქმებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაუშვებელია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვისა და გარემოს განადგურების ხარჯზე წიაღისეულის მოპოვება.

“ჩვენ, დღეს ეკონომიკის სამინისტროში გვაქვს ზეპირი მოსმენა შქმერის საქმესთან დაკავშირებით. ამ მოსმენის შემდეგ, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქმე წავა სასამართლოში.
მოთხოვნა არის ბათილობა ორი ლიცენზიის და ვდაობთ მონაწილეობის პრინციპზე, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული და მათთან შეთანხმებით არ მოხდა ამ ლიცენზიის გასხვისება.” – თათული ჭუბაბრია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”

შქმერის მაცხოვრებელი გოგა გაგნიძე, რომელიც შეხვედრას ესწრება, ამბობს, რომ მის თანასოფლელებს სახელმწიფომ კუთვნილი მიწები ჩამოართვა და ინვესტორს გადასცა. მისი თქმით, შქმერის შემთხვევაში, სახელმწიფოს არ აქვს გამოკვლეული როგორი იქნება მანგანუმის ზეგავლენა გარემოზე. ის ამბობს, რომ შქმერის ხელუხლებელი ბუნება მსოფლიო ნაკრძალის ნაწილია, სადაც ფლორის და ფაუნის გადარჩენა ხდება და დაუშვებელია მისი აოხრება. 

“მანგანუმის  კარიერული მოპოვება, ეს არის კომპრომისული ვარიანტი და  ძირითადად გამოიყენება განვითარებად ქვეყნებში და ემსახურება ბიზნეს ინტერესებს. რადგან შეუძლებელია პირვანდელი სახის დაბრუნება იმ ტერიტორიისთვის, სადაც მისი მოპოვება ხდება,  სახელმწიფოს აქვს თვითონ ეს ვალდებულება აღებული, რომ კარიერული მოპოვება დასრულდეს პირვანდელი სახის დაბრუნებით და მანგანუმის შემთხვევაში, არამხოლოდ პირვანდელი სახის დაბრუებაზეა საუბარი, არამედ როგორია თვითონ მანგანუმის ზეგავლენა გარემოზე.

შქმერი და მისი შემოგარენი არის ხელუხლებელი ბუნება და რაც მთავარია, თვითონ ლიცენზიის გაცემის პირობებშიც კი აღნიშნულია, რომ ეს მიწები მოყოლილია ე.წ. ზურმუხტის ქსელში.
ეს არის მსოფლიო ნაკრძალის ნაწილი. ეს არ არის მარტო ქვეყნის საკუთრება, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ტერიტორია, სადაც ხდება ფლორის და ფაუნის გადარჩენა.
ყველა სოფლის მაცხოვრებლის თანხმობაც, რომ ყოფილიყო, ქვეყნის ინტერესზე მეტი დევს. აქ არის ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც არ წყდება ქვეყნის შიგნითაც კი.
ქვეყანამ თანხმობა განაცხადა ამაზე ბერლინის კონვენციაზე შეთანხმებით. ქვეყნის ტერიტორიებზე ზემოქმედების შემთხვევაში, განხილვა უნდა იყოს ძალიან ფართო და მასშტაბური, რაც არ მომხდარა. ეკოლოგიური პროტესტი ზოგადად, ახალია  ჩვენს ქვეყანაში და შქმერის შემთხვევაში, კიდევ უფრო განსხვავებული მდგომარეობაა, რადგან ამ საკითხს აქვს მრავალი შრე.
ძალიან ბევრია ეწინააღმდეგება შქმერში მანგანუმის მოპოვებას. არა მხოლოდ თანასოფლელები არიან თანამოაზრეები ამ თემაზე, არამედ ადამიანები მთელი ქვეყნიდან და უცხოეთიდან.

ასევე, ოფიციალურად შეიქმნა საზოგადოებრივი ჯგუფი – “შქმერის გადარჩენისთვის”, რომელიც ნელნელა იკრებს ძალებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის გრძელვადიანი და რთული გზა.  ჩვენ არ ვართ ვინმეს წინააღმდეგი, ჩვენ მათზეც ვფიქრობთ და მათ შვილებზეც. აქ დიდი რაოდენობის ფულზეა ლაპარაკი და ჩვენ ამ კაპიტალს არ განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის მონაპოვარს”, – ამბობს შქმერელი გოგა გაგნიძე.

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ნინო გუჯარიძე მიიჩნევს, რომ  იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას ჭიათურის სახით აქვს, შქმერში მანგანუმის მოპოვება უარყოფითი ზემოქმედების მომტანი იქნება.

“გარემოს ზემოქმედების შეფასება წყვეტს, დასაშვებია თუ არ არის დასაშვები შქმერში მანგანუმის მოპოვება, რომელიც მსგავსი საქმიანობის დაგეგმვის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. შქმერის შემთხვევაში, მსგავს შეფასებას ადგილი არ ჰქონია. რა გამოცდილებაც გაგვაჩნია მანგანუმის მოპოვებასთან დაკავშირებით ჭიათურაში , ვფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვება იქნება ძალიან მნიშვნელოვნად უარყოფითი ზემოქმედების მომტანი და გარდა ამისა, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი წარმოდგენ.” – ამბობს  ნინო გუჯარიძე. 

ფოტო: მთის ამბები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *