გაპონოვის ქუჩის მაცხოვრებლებმა მათ ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ გასცა ნებართვა, რომლის მიხედვით, გაპონოვის ქუჩაზე დაგეგმილია სამსართულიანი შენობის აგება. 

ნებართვა გაცემულია ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ.

ადგილი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, საბავშვო სკვერის ტერიტორიაზეა და სააპელაციო სასამართლოს ესაზღვრება. ამასთანავე, მოპირდაპირე მხარეს სინაგოგა და სხვა კულტურული ძეგლებია.  დამკვეთი შპს „ახალი დეველოპმენტია“. მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულდეს.

ამ დრომდე არ მიგვიღია რადიო “ძველი ქალაქის” მიერ გამოთხოვილი დოკუმენტები, ტერიტორიის გასხვისებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, ადგილი, სადაც სამსართულიანი შენობის აგება იგეგმება, სკვერის ტერიტორიაა და გაპონოვის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ბანერზე გამოსახული შენობის სიმაღლე და პროექტში გათვალისწინებული პარამეტრები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ ტერიტორიაზე, სრულიად სხვა შენობის აგება იგეგმება. მოსახლეობა ყოველდღიურ საპროტესტო აქციას აანონსებს. ისინი მოითხოვენ, გაიხსნას ბარიკადებით შემოსაზღვრული სივრცე და ტერიტორია დაუბრუნდეთ.

” 2019 წლის 1 იანვარს დაიდო ეს ტერიტორია გასაყიდად აუქციონზე. ეს მოხდა ჩუმად და მუხანათურად, ვინაიდან სადღესასწაულო დღეები იყო და ადამიანებს წესით, ამისთვის დრო არ ექნებოდათ.  აქედან არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის არაკანონიერი გაყიდვა. 2019-ში ვთხოვდი ქალაქის მერს, რომ გაეუქმებინა აუქციონი, მაგრამ მათი წინადადება იყო: “თქვენ იყიდეთ”. იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის ზრუნავდნენ, ჩვენ გვიწევს  ყოველდღიური ბრძოლა, თითქოს მტაცებელი შემოგვესია და  ეს სკვერი არ წაგვართვას,  ბაღის ის კუთხე არ წაგვართვას, იქ რაღაც ოდნავ “მოსასუნთქი” არ წაგვართვას. ამაზე ხომ არ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული მოსახლეობა? რომ იყოს საჭიროება, ააშენებდნენ სკოლას, რომ ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს უბანი”, – დარეჯან ძინძიბაძე, მაცხოვრებელი

“მე როგორც ამ უბნის მცხოვრები, ძალიან ვეწინააღმდეგები ამ მშენებლობას. ადამიანი თუ ჯანმრთელი არ გაიზარდა, ბავშვმა თუ ვერ ითამაშა, ყველაფერი თუ მოგებაზე გადავიდა, რა ქალაქია მაშინ?! ქალაქში ბავშვი ხომ უნდა გაიზარდოს, მოსახლეობა აღარ უნდა იყოს აქ?! ეს ქალაქი ხომ უნდა უყვარდეს. ქუთაისი მაშინ უყვარდება, თუ ბავშვი გაიზრდება, ითამაშებს, მერე რიონში იბანავებს ფეხბურთს ითამაშებს. ასე უყვარდება ადამიანს ქალაქი და ამ ბარიკადებში როგორ უნდა გაიზარდოს ნორმალურად ბავშვი?!” – ამბობს  წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, სვიმეონ გაფრინდაშვილი. 

” წინა კვირაში დაიწყეს ამ ტერიტორიაზე ბოძების დასმა და შემორაგვა, რაც მაშინვე  გავაპროტესტეთ. მივმართეთ ქალაქის მერიას და გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია, თუ ვის სახელზე ირიცხება ახლა ეს ტერიტორია. ეს სკვერის ტერიტორიაა. აქ მოზარდები თამაშობენ, მოხუცები ისვენებენ. პროტესტი ყოველდღიურ ფორმაში გადავა. არ დავუშვებთ, რომ არაიმე აშენდეს. მოვითხოვთ ამ შემორაგული სივრცის გახსნას, რომ დაუბრუნდეს ეს სივრცე ისევ ქუჩას და მაცხოვრებლებს.” – ნორა მურღულია, მაცხოვრებელი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *