ქუთაისში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პირსინგის გამო, თავს დაესხნენ.

27 წლის ტურისტი ყვება, რომ ბარში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, რა დროსაც იქ მყოფმა კაცმა აგრესიული კომენტარი გააკეთა მის პირსინგზე, ბარიდან წამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

“მე და ჩემი შეყვარებული ბარში ვიმყოფებოდით, ბევრი არ დაგვილევია, მხოლოდ თითო ლუდი. მთვრალები არ ვიყავით. პატარა პირსინგი მაქვს ტუჩზე და ერთმა კაცმა აგრესიულად გააკეთა კომენტარი ამაზე. ის ძალიან მთვრალი იყო და ყველას ეჩხუბებოდა. სიტუაციას გავერიდე. ბარიდან წამოსულებს ეს კაცი დაგვხვდა, აშკარად მე მელოდებოდა და თან ახლდა მეგობარიც. ცემა დამიწყო, ძლიერად მირტყამდა და ძირს დავეცი. როგორც იქნა, ამ კაცს გავექეცით. ტუჩი მაქვს გახეთქილი, დაზიანებები მაქვს თავზე, ყურიდან სისხლი წამომივიდა ცემისას. ჭამისას და ლაპარაკისას ყბა მტკივა”, – ამბობს ტურისტი.

ტურისტმა საგამოძიებო ორგანოს ჩვენება უკვე მისცა. როგორც ის ამბობს, პოლიციელები ურჩევდნენ, ჩვენებაში ეთქვა, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება არ მომხდარა და უბრალოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *