საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 145 წყვილი ფეხსაცმელია მიტანილი ნიშნად იმისა, რომ უკრაინაში ომის შედეგად 145 ბავშვი დაიღუპა.

აქციის ორგანიზატორი ხუთი მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტია, ესენი არიან: თიკო ფეიქრიშვილი, თამარ ღვინიანიძე, ეკა ქადაგიშვილი, ირმა ნადირაშვილი და მაკა ფანქველაშვილი.

„ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ემოციური იყო ის, რომ დღეს უკვე 145 მოკლული ბავშვია, ეს არის სწორედ იმის სიმბოლო, რომ 145 ფეხსაცმელი დევს, დაწყებული ჩვილებიდან, რომელიც ასევე არის ომის მსხვერპლი, დამთავრებული 18 წლამდე ბავშვების. როდესაც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა ეს აქცია, მაშინ 115 მოკლული ბავშვი იყო და მანამ, სანამ ჩვენ ფეხსაცმელები შევაგროვეთ, ყოველდღე ვხედავდით, როგორ იცვლებოდა ცნობები გარდაცვლილი ბავშვების შესახებ, როგორ ვამატებდით და ვამატებდით ფეხსაცმელებს“, – განაცხადა თიკო ფეიქრიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *